ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულებმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს

27 მარტი, 2017 • 1447
“ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულებმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს

“ბავშვთა სამყაროს” დაწვით დაზარალებულებმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს და საელჩოს წარმომადგენელს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

“ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები  დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, საბანკო ვალდებულებების შეჩერებას, პრემიერთან შეხვედრას და პრიველადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარს მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა  აშშ-ის საელჩოს ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვეს.

“საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწია, ამერიკის დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვოთ საკუთარ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა, რაც სამწუხარო ფაქტია. მთავრობისგან ვითხოვთ ერთჯერად კომპენსაციას, 5000 ლარს, ასევე, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას,” – ამბობს თამარ ბუნტური.

დაზარალებულების ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს დეპუტატი მოვაჭრეებს ემუქრება:

“რიმა ბერაძეს, რომელიც ჩვენთან უშუალოდ  ახორციელებდა მოლაპარაკებებს, დაურეკავს და ამ ხალხს ემუქრება, რომ თუ თქვენ არ დათანხმდებით 3 ათას ლარს, ჩვენ ამ თანხას უკან გავითხოვთ და გადავცემთ სოციალურად დაუცველებს. ბიუჯეტიდან არანაირი თანხა არის გამოყოფილი, ბიუჯეტი დამტკიცებული არ არის, ამას დრო სჭირდება და ამ ადამიანების ნერვებზე ნუ მოქმედებენ.”

ბავშვთა სამყაროში ხანძარი 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე გაჩნდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

“ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი