ახალი ამბებისაზოგადოება

გირაო პატიმრობის ნაცვლად ქალის ცემისთვის – საიას კვლევა

27 მარტი, 2017 • 3106
გირაო პატიმრობის ნაცვლად ქალის ცემისთვის – საიას კვლევა

ოჯახში ძალადობა ისევ მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ აღიქმება, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე კვლავ არაეფექტურია – მოსამართლეები მოძალადეებს ძირითადად გირაოს გადახდას აკისრებენ და არ უფარდებენ პატიმრობას.

ასეთია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის იანვრამდე ჩატარებული კვლევის შედეგი, რომლის ფარგლებში ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სისხლის სამართლის 132 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განხორციელდა თბილისის, ქუთაისის, გორის, ბათუმისა და თელავის სასამართლოებში, ასევე, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში.

დოკუმენტში მოყვანილია მაგალითები კაცების მიერ ქალების ცემის, მკვლელობის, მუქარის, ფსიქოლოგიური ძალადობისა და ოჯახში განხორციელებული სხვა ძალადობის ფაქტების შესახებ; ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები ასეთ საქმეებზე მხოლოდ გირაოს უფარდებდნენ ბრალდებულებს.

“დოკუმენტზე მუშაობამ ცხადყო, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების საქმეებზე ეფექტური და გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება, რაც მსხვერპლ ქალებს უქმნის ბარიერებს, მიმართონ სასამართლოს და ეფექტურად დაიცვან თავიანთი უფლებები. ხშირად სასამართლოების და პროკურატურის საქმიანობა არათანმიმდევრული და ფრაგმენტულია, რაც მსხვერპლ ქალებს მხარდაჭერის მიღმა ტოვებს და ვერ უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას,” – აცხადებს საია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საია 34 პირველი წარდგენის სხდომას დააკვირდა, რომელიც ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებს ეხებოდა. აქედან, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სასამართლომ 12 შემთხვევაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, 17 შემთხვევაში კი – გირაო. ასევე, 4 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ გამოიყენეს შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, ხოლო 1 შემთხვევაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩა:

“აღნიშნული 34 შემთხვევიდან 32 შემთხვევაში ბრალდებული იყო კაცი, ხოლო 2 შემთხვევაში – ქალი. აგრეთვე, უმრავლეს შემთხვევაში (27 შემთხვევა) დაზარალებული იყო ბრალდებულის მეუღლე, ყოფილი მეუღლე ან პარტნიორი. 1 შემთხვევაში დაზარალებული იყო ბრალდებულის დედა, ხოლო 2 შემთხვევაში – ბრალდებულის და. აღნიშნული სტატისტიკა მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ოჯახში ძალადობა არაპროპორციულად ეხება ქალებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 9 შემთხვევაში პირს დანაშაული ჩადენილი ჰქონდა არასრულწლოვნის თანდასწრებით.”

საიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოები, ცალკეულ შემთხვევებში, პროფესიონალურად და ადეკვატურად ახორციელებდნენ სამართალწარმოებას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, საერთო ჯამში, მათი საქმიანობა მაინც ვერ შეფასდება ეფექტურად – არსებული დარღვევებისა და ხარვეზების სიმრავლის გამო.

როგორც დოკუმენტის დასკვნაშია აღნიშნული, პრაქტიკაში, ოჯახში ძალადობა კვლავ აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ, რომელიც უფრო ლმობიერ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე იმავე სიმძიმის სხვა დანაშაულები. საიას შეფასებით, სასამართლოები კვლავ ხარვეზებით მოქმედებენ და ზოგჯერ ბრალდებულებს უფარდებენ დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს. წინა საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არასათანადო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე. კერძოდ, შეფარდებული გირაოს 17 შემთხვევიდან 8 (47%) იყო დაუსაბუთებლად ლმობიერი ღონისძიება, რაც ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვას.

საიას განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელი პრაქტიკაა დამკვიდრებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით: “კერძოდ, დასწრებული 14 საქმიდან მოსამართლეს არც ერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია პატიმრობა და მხოლოდ გირაოს ან სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიების დაკისრებით შემოიფარგლა.”

როგორც კვლევის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ, უმრავლეს შემთხვევაში, პროკურატურა შესაფერის/სათანადო სიმძიმის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გამონაკლისებსაც, როდესაც ბრალდების მხარეს ადეკვატურად არ ჰქონდა შეფასებული და გაზომილი არსებული საფრთხეები.

“მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ არც ერთ შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე დანაშაულის დაკვალიფიცირება არ მომხდარა დისკრიმინაციულ დანაშაულად. შესაბამისად, წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ბრალდების მხარეს ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით შესაძლო დისკრიმინაციულ მოტივებზე ყურადღება არც ერთ შემთხვევაში არ გაუმახვილებია,” – ვკითხულობთ საიას დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, დაფიქსირდა არასრული, მსუბუქი კვალიფიკაციის ორი შემთხვევა ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეზე, რაც პროკურორის არაეფექტურ და ხარვეზიან საქმიანობაზე მიანიშნებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გამამტყუნებელი განაჩენებისა და დანაშაულის სერიოზულობის მიუხედავად, მოსამართლეებს უჭირთ მოძალადეების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება:

“წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, საქმეების უმრავლესობაში (21 შემთხვევაში – 72%) მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სანქციები გამოიყენა. ანალოგიური მიდგომა ჰქონდა სასამართლოს არასრულწლოვნის (16 წელს მიუღწეველი პირი) საქმეზე, რომელიც სქესობრივი ხელშეუხებლობის დარღვევასთან ერთად იყო ძალადობის მსხვერპლიც. ამ შემთხვევაში მოსამართლემ პირობითი მსჯავრი გამოიყენა.”

საიას განცხადებით, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევაა პროკურატურისა და სასამართლოსთვის შესაბამისი სიმძიმისა და ადეკვატურობის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა და გამოყენება, რომელიც მსხვერპლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მიუხედავად საქმეში არსებული საყურადღებო რისკებისა და საფრთხეებისა,  ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები აქცენტს აკეთებენ არა დაზარალებულის უსაფრთხოებაზე, არამედ ბრალდებულის დადებით თვისებებსა და მათ მიერ გახმიანებულ მოსაზრებებზე, რომლებიც მოსამართლის ნდობას იწვევს. საიაში მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემა განიცდის მნიშვნელოვან კრახს, კვლავ პოტენციური საფრთხე ექმნება ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ადგილი აქვს მათ ხელმეორე ვიქტიმიზაციას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსამართლეების მხრიდან ნაკლებად მკაცრი ღონისძიებების გამოყენება მოძალადის მიმართ არასათანადოდ ლმობიერი დამოკიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებდა: “განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელი მდგომარეობა დაფიქსირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლეს არც ერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია პატიმრობა და მხოლოდ გირაოს ან სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიების დაკისრებით შემოიფარგლა.”

საიას რეკომენდაციები საერთო სასამართლოებს

  • ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს გენდერული ხედვით: სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ასეთი ტიპის დანაშაულების სპეციფიკურობა, ადეკვატურად შეაფასოს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს ბრალდებულისგან და გამოიყენოს შესაბამისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიებები;
  • თუ პირველი წარდგენის სხდომაზე არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი იყო დისკრიმინაციული ნიშნით, მოსამართლემ აღნიშნული გარემოება მხედველობაში უნდა მიიღოს აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის დროს;
  • სასამართლოებმა, ყველა შესაძლო შემთხვევაში, სათანადო სიმძიმის სასჯელები უნდა გამოიყენონ ბრალდებულების მიმართ, რაც ეფექტურად იმოქმედებს განმეორებითი ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით და უზრუნველყოფს მსხვერპლის უსაფრთხოებას;
  • მოსამართლეებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დისკრიმინაციული ნიშნების იდენტიფიცირების მიზნით და, ყველა შესაძლო შემთხვევაში, დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა მიიჩნიონ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

საია ასევე ურჩევს პროკურატურას, სათანადოდ შეაფასოს არსებული გარემოებები, მოითხოვოს შესაბამისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიება, რომელიც იქნება მსხვერპლის უსაფრთხოების გარანტი და უზრუნველყოფს მათ დაცვას ხელახალი ვიქტიმიზაციისგან. გარდა ამისა, საია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ შსს–მ დანერგოს ძალადობის რისკების შეფასების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საფრთხის დროულ განმჭვრეტასა და შესაბამისი ზომების ეფექტურ დაგეგმვას.

ოჯახსში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებ კვლევა სრულად იხილეთ საიას ვებ–გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი