ახალი ამბები

შსს-მ 2 700 კგ ნაყინის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

27 მარტი, 2017 • 3272
შსს-მ 2 700 კგ ნაყინის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 700 კგ ნაყინის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 680 ლარია.

სატენდერო  წინადადებების მიღება 13 აპრილს დაიწყება  და 18 აპრილს დასრულდება. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ნაყინის თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის. ფერი თეთრი, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე; დაფასოებული, შესაბამისი მარკირებით, მითითებული უნდა იყოს: შემადგენლობა, შენახვის ვადები და პირობები.  ვაფლის ჭიქაში, 1 ცალი ნაყინის წონა (ნეტო) 50გრ ან 100 გრ. მოთხოვნის შესაბამისად.

საქონლის მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა, 3 დღეში ერთხელ, შემსყიდველთან წინასწარ შეთახმებული გრაფიკის შესაბამისად.

სატენდერო კომისიის აპარატში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ 2 700 კილოგრამ ნაყინს შს სამინისტრო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ყიდულობს.  სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნაყინი ჯარისკაცების დღიურ ნორმაში შედის და სწორედ ამიტომ ყიდულობენ.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადის ნაწარმისა და კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ერთობლივი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 58 ათას 989 ლარი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-მ მაშინ ასეთი განმარტება გააკეთა:

“შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, ლოჯისტიკის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჯარისო დანაყოფებისა და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებისთვის, შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, საერთო საჯარისო სასურსათო იჯრით გათვალისწინებულ სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად, შოკოლადის დღიური ნორმა ერთ მოსამსახურეზე განსაზღვრულია 50-60 გრამით, ხოლო მშრალ სასურსათო ულუფაში – 100-120 გრამით. ყოველდღიურად, შსს-ს ზემოაღნიშნულ დანაყოფებში გაიცემა დაახლოებით 300 კგ შოკოლადის ნაწარმი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი