არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 2017 წლის 26 მარტს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

2017 წლის 12 მარტს ჩატარებული არჩევნების შედეგად, 35 საარჩევნო ოლქიდან გამარჯვებული კანდიდატები მხოლოდ 12-ში გამოვლინდნენ. მეორე ტურში კი, დანარჩენი 22 ოლქიდან თითოეულში ორ-ორი კანდიდატი მონაწილეობს.

პირველ ტურში გამარჯვებულებს შორის არიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუა და ამჟამინდელი დეპუტატი ალმას ჯაპუა.

მეორე ტურში მონაწილეთა შორის არიან აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკის თანათავმჯდომარე ასლან ბჟანია და ყოფილი შს მინისტრი რაულ ლოლუა.

აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძოდა. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმმა, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა [“აინარი”, “ამცახარა”, “აფხაზეთის სახალხო ფრონტი” და “აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი] წარადგინეს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად რუსეთის ფედერაცია და ის რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომელთაც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, “ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს”.

სოხუმი; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი