ახალი ამბები

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით დაზარალებულები პროტესტს აგრძელებენ

25 მარტი, 2017 • 1491
ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით დაზარალებულები პროტესტს აგრძელებენ

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით დაზარალებულები პროტესტს აგრძელებენ და ხელისუფლებისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.

ისინი დღეს, 25 მარტს, მთვრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია კი ხვალ, 14:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმეს.

როგორ დაზარალებულების ნაწილი აცხადებს, მათთვის მიუღებელია თბილისის საკრებულოს შეთავაზება 3 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების სახით გადაცემის შესახებ.

გუშინ, 24 მარტს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ “ეს არის მაქსიმუმი”, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. საკრებულოს ინფორმაციითვე, ხანძრის შედეგად დაზარალებულების რაოდენობა სიების შესაბამისად, 345 ადამიანით განისაზღვრა და 3000-3000 ლარს სწორედ ამდენი ადამიანი მიიღებს.

ნეტგაზეთთან საუბრისას ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯულიეტა ელიავამ განაცხადა, რომ დახმარების სახით 5 000 ლარს ითხოვენ. ხანძრით დაზარალებულების კიდევ ერთი მოთხოვნა საბანკო შეღავათებია.

ეს არის დაცინვა. 3 სექცია მქონდა გადავსებული. სერიოზული თანხაა და სერიოზული საქონელია დამწვარი, ყურად იღონ ეს…  2 300 ლარამდე ვიხდიდი გადასახადს. საქონელი რომ არ მქონოდა, საიდან გადავიხდიდი ამას? 5 000-ის ოდენობით რომ ვითხოვდით, ისიც რა იყო, ისიც ხომ არაფერი არ იყო და ამაზეც უარზე არიან,”-ამბობს ჯულიეტა ელიავა ნეტგაზთთან საუბრისას.

ბავშვთა სამყაროში ხანძარი 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე გაჩნდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

“ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი