ახალი ამბები

რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და ალეკო ელისაშვილის საარჩევნო გეგმები

24 მარტი, 2017 • 2840
რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და ალეკო ელისაშვილის საარჩევნო გეგმები

აპირებს თუ არა ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობისთვის ბრძოლას და რამდენად მოსალოდნელია ისეთი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომლის მიხედვითაც თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები თვითმმართველობის არჩევნებზე ბლოკის სახით გავლენ, ხოლო საერთო კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებისათვის სწორედ ელისაშვილი იქნება:

რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ისევ ერთად?

ვერც თავისუფალმა დემოკრატებმა და ვერც რესპუბლიკელებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც მათ მონაწილეობა დამოუკიდებლად, ბლოკის გარეშე მიიღეს,  5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნების დასრულების შემდეგ ის, რომ ეს ორი პარტია არჩევნებზე ერთად არ გავიდა, შეცდომად შეაფასა არაერთმა ანალიტკოსმა, რომლებსაც იმ პერიოდში ნეტგაზეთი ესაუბრა: მაგალითად, ლინკოლნ მიტჩელმა, მაიკლ ჩეჩირემ, ასევე იაგო კაჭკაჭიშვილმა, რომელმაც თქვა:

“თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გაერთიანებით სულ მცირე შეიქმნებოდა ძალთა მექანიკური შეერთების ეფექტი. 8 ოქტომბრის არჩევნებში ერთმა პარტიამ 4.6% მიიღო, ხოლო მეორემ – 1.5%, ანუ ბარიერი მინიმუმ ილახებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას უფრო სინერგიული ეფექტიც ექნებოდა და ამ ორი პარტიის გაერთიანება უფრო მეტი ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებდა”, – ამბობდა სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე პარტიაში ბევრი რამ შეიცვალა. პოლიტიკური გაერთიანებები დატოვა არაერთმა ლიდერმა.

ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიებმა შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ერთად, საარჩევნო ბლოკის სახით მიიღონ.

“რესპუბლიკური პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ამ პროცესში არ გამოვრიცხავთ ჩვენს პარტნიორებთან, ლიბერალური ოჯახის წევრებთან, თავისუფალ დემოკრატებთან მოლაპარაკებებს ერთიანობასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ ამისთვის ღია ვართ და, როგორც ვიცი, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ ღიაა კონსულტაციებისთვის”, – გვითხრა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, რომელსაც საარჩევნოდ თავისუფალ დემოკრატებთან შესაძლო გაერთიანებაზე ვკითხეთ.

“ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. ამ ეტაპისთვის ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვგეგმავთ [არჩევნებზე] კოალიციურ რეჟიმში გასვლას. სხვადასხვა საკითხზე რესპუბლიკელები თავისუფალი დემოკრატების პარტნიორები იყვნენ და მათთან ბევრ თემაზე ერთობლივად ვმუშაობთ. რაც შეეხება კონკრეტულად თვითმმართველობის არჩევნებზე ერთობლივად, კოალიციურ რეჟიმში გასვლას, ეს საკითხი არ განიხილება” , – ეს უკვე თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, თამარ კეკენაძის ციტატაა.

თავისუფალმა დემოკრატებმა ირაკლი ალასანიას ლიდერობის პირობებში (რომელსაც ამჟამად პოლიტიკურ საქმიანობაზე პაუზა აქვს აღებული) 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 4.63% აიღეს, რაც თითქმის სამჯერ აღემატება რესპუბლიკელების შედეგს – 1.55%. პარლამენტის არჩევნებისაგან განსხვავებით თვითმმართველობის შემთხვევაში ბარიერი 4%-ია, რაც იმას ნიშნვას, რომ თუ პარტია ზემოხსენებულ შედეგს გაიმეორებს, მინიმუმ ბარიერს გადალახავს.

თამარ კეკენაძეს ვკითხეთ, მისი პასუხი ნიშნავს თუ არა იმას, რომ სამომავლოდაც გამორიცხავენ რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებებს ამ თემაზე:

“არაფერს არ გამოვრიცხავთ, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით დღის წერიგში ეს არ დგას”.

თუ საარჩევნოდ თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები გაერთიანდებიან, ეს მათი პირველი საარჩევნო ბლოკი არ იქნება – ისინი კოალიციურ ფორმატში 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც მუშაობდნენ და “ქართული ოცნების” პირობებშიც.

ალეკო ელისაშვილის “არაოლიმპიური გეგმები” თვითმმართველობის არჩევნებზე

იმავე ინფორმაციის მიხედვით, რომლითაც შესაძლოა თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები საარჩევნოდ ბლოკის ფორმატში გაერთიანდნენ, ასევე გამორიცხული არ არის, რომ ამ პარტიებმა თავიანთ კანდიდატად თბილისის მერის არჩევნებში საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი დაასახელონ.

“ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებზე  დამოუკიდებლად გავალთ თუ ერთიან ბლოკში, აუცილებლად გვეყოლება მერობის კანდიდატი. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არც კანდიდატზე მიმდინარეობს. კონკრეტულად ალეკო ელისაშვილზე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩვენ შესაძლოა მის კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი, ჩემი აზრით, უფრო ჰგავს საზოგადოების სურვილს, რომ ალეკო იხილოს მერობის კანდიდატად. მე პირადად მივესალმები მის კანდიდატობას. ჩვენ კოლეგები ვართ, ვთანამშრომლობთ და ესაა ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ქალაქის ცხადი გეგმა და ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს. და სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება ამ ქალაქს”, – ამბობს ხათუნა სამნიძე, რომელსაც ვკითხეთ, ელისაშვილის საკითხის დღის წესრიგში დაყენების შემთხვევაში რა პოზიცია ექნება მის პარტიას:

“მე შემიძლია გითხრათ ჩემი პირადი დამოკიდებულება: მივესალმები ალეკოს, როგორც მერობის კანდიდატს”.

თამარ კეკენაძე ამბობს, რომ თავისუფალ დემოკრატებს ალეკო ელისაშვილთან კონსულტაცია არ ჰქონიათ.

“ამ ეტაპისთვის პარტიას გადაწყვეტილი არ აქვს, ვინ ეყოლება კანდიდატი და ამ მიმართულებით. უფრო მოგვიანებით გვექნება კონსულტაციები სხვადასხვა ადამიანთან, მაგრამ რაც შეეხება იმ იფნორმაციას, რომ ჩვენ ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას ვაყენებთ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მასთან არც გვქონია ამ საკითხებზე კონსულტაციები”, – გვითხრა კეკენაძემ, რომელსაც ვთხოვეთ დაეზუსტებინა, გამორიცხავენ თუ არა ისინი ელისაშვილთან კონსულტაციებს:

“არ გამოვრიცხავთ არავისთან ამ საკითხებზე დალაპარაკებას, მაგრამ ეს როდის მოხდება და მოხდება თუ არა, ამას როგორც კი გადავწყვეტთ, მოსახლეობას გავაგებინებთ”.

ალეკო ელისაშვილი 2014 წელს ერთადერთი არასახელისუფლო კანდიდატი იყო, რომელმაც მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა (თბილისი, საბურთალო). საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2015 წელსაც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ჯერ ვერ ამბობს, იყრის თუ არა კენჭს დედაქალაქის მერის თანამდებობაზე.

ელისაშვილის თქმით, იგი ამაჟამად ფიქრობს, თუ მერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ეს დამოუკიდებელი კანდიდატის სახელით გააკეთოს, თუ პარტიებთან ერთად, შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში. საკრებულოს წევრი არ მალავს, რომ მისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსია:

“მერობაზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ და თუ მერის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარვადგენ, პირველ რიგში, დამოუკიდებელ კანდიდატობაზე ვფიქრობ.

[შემომთავაზეს თუ არა თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა?] დეტალებზე ლაპარაკი კორექტული არ იქნება, თუმცა რაიმე სიღრმისეული მსჯელობა და მოლაპარაკებები ამ თემაზე არ გვქონია. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს რესპუბლიკელებთანაც და თავისუფალ დემოკრატებთანაც. ერთ-ერთ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებზე ვისაუბრეთ და მაშინ იყო მსგავსი აზრი, რომ მე ხომ არ დავაყენებდი საკუთარ კანდიდატურას მერად. ასეთი საუბარი იყო, თუმცა დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, კორექტული არ იქნება. აქ საუბარია მხოლოდ იდეების გაცვლაზე. არანაირი შემოთავაზება, პირობების დადება და ა.შ. არ ყოფილა”, – გვითხრა ელისაშვილმა.

საკრებულოს წევრი ამბობს, რომ მისთვის მერის არჩევნებში მხოლოდ ოლიმპიური პრინციპით (როცა თავად მონაწილეობაა მნიშვნელოვანი) გასვლა საინტერესო არ არის და თუ ის თავის კანდიდატურას დააყენებს, მხოლოდ გამარჯვებაზე იქნება ორიენტირებული. ელისაშვილის თქმით, იგი ფიქრობს- გამარჯვებაში ხელს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსი უფრო შეუწყობს, თუ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობა.

“არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. [რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები] პრინციპულად მიუღებელი ძალები ჩემთვის ნამდვილად არ არიან, პირიქით, მე მხარს ვუჭერ ყველა იმ ძალას, რომელიც პროდასავლურია, ჩვენი ქვეყნის მტრებისაკენ არ იყურება და შავბნელი წარსული არ აქვს. ზოგიერთი პარტია ევროპას გაიძახის და ისეთები აქვს ჩადენილი, რომ დიქტატორებს შეშურდებათ. შესაბამისად, პრინციპულად მიუღებელი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ თუ მერად დავაყენებ კანდიდატურას, დამოუკიდებლად ვფიქრობ. სხვა რაღაცებსაც არ გამოვრიცხავ. ნაციონალების და ოცნების კანდიდატი რომ არ ვიქნები, მაგაში 100 000%-ით ვარ დარწმუნებული. [რესპუბლიკელებთან და თავისუფალ დემოკრატებთან შესაძლო თანამშრომლობაზე] აუცილებლად უარს ვიტყვიო, ამას არ ვამბობ, ოღონდ პრიორიტეტული დამოუკიდებლად [გასვლაა]”, – ამბობს ელისაშვილი და დასძენს, რომ მას არ ეშინია იმ ფაქტს, რომ დამოუკიდებლად, შესაძლოა, რესურსების თვალსაზრისით პრობლემები შეექმნას და ამ კუთხით კვალიფიციურ სუბიექტებთან თანამშრომლობა უფრო ხელსაყრელია.

“[საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად] ნებისმიერ შემთხვევაში ცოტა თანხა რომ მექნება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ამის არ მეშინია. მე კაპიკებით გავიმარჯვე თავის დროზე”.

მას ასევე ვკითხეთ, რატომაა არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა პრიორიტეტული საკითხი:

“სრულად რომ ვიზიარებდე თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პოზიციებს, ამ პარტიის წევრი გავხდებოდი დიდი ხნის წინ, მაგრამ მე დამოუკიდებელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს რესპუბლიკელებთან საკრებულოში, ასევე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ზოგადად თავისუფალი დემოკრატების ლიდერებთან. განსაკუთრებით ნინო გოგუაძე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოლიტიკოსია, ხათუნა სამნიძეც სანიმუშოა. მე დამოუკიდებელი ვარ და ვრჩები დამოუკიდებლად. აი, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ…”, – ამბობს ელისაშვილი და დასძენს, რომ თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციაზე ახლო მომავალში დაახლოებით 2 კვირაში ჩამოყალიბდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი