მდინარე ნენსკრას ხეობა.მესტიის მუნიციპალიტეტი. 12.06,2016 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

მთავრობამ “ნენსკრა ჰიდროს” ჭუბერში 97,5 ჰექტარი მიწა 1 აშშ დოლარად გადასცა

საქართველოს მთავრობამ, 14 მარტის დადგენილებით, სს “ნენსკრა ჰიდროს” სოფელ ჭუბერში 97,5 ჰექტარის მიწის ფართობი  პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ აშშ დოლარად საკუთრებაში გადასცა.

პრემიერის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, აღნიშნული ქონება საპრივატიზაციო პირობაა საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა “ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ნენსკრა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.97 ჰექტარი ნენსკრა ჰიდროს 01

დადგენილების დანართი

დადგენილების დანართი

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ჰესის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის მშენებლობას საბანკო სესხის ნაწილში “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, “აზიის განვითარების ბანკი” და კორეის “ექსიმ ბანკი” მონაწილეობენ. ჰესის გამომუშავება წელიწადში 1.2 მილიარდი კვტ/სთ იქნება.

ჰესის მშენებლობას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 2016 წლის ივლისშიც  გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისადმი 4-პუნქტიანი მოთხოვნათა წერილი შეიმუშავეს. ისინი განსაკუთრებით ნენსკრაჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ სურთ, რომ შეწყდეს პროექტის დაფინანსების განხილვა, სანამ:

  1. არ შეიქმნება ალტერნატიული პროექტი, რომელიც არ გულისხმობს ხეობის დატბორვას;
  2. არ იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა სარგებელს მოუტანს პროექტი თემს და რამდენად საპირწონეა ეს სარგებელი იმ ზიანის, რაც მიადგება ქვეყანას;
  3. არ მოხდება გეოლოგიური საფრთხეების შესწავლა და თემისათვის წარდგენა
  4. არ მოხდება პროექტის საჯარო განხილვა, სადაც ჩართული იქნებიან, როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი