ახალი ამბები

ალავიძე: მტერი სიცრუეს ავრცელებს, რომ მეზობლებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს

23 მარტი, 2017 • 3125
ალავიძე: მტერი სიცრუეს ავრცელებს, რომ მეზობლებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს

არანაირი სამხედრო ტექნიკა საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით არ გადაადგილდებოდა, – ეს განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც საქართველოს გავლით სომხეთში უკანონო სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება.

კითხვაზე, რომ სომხური მხარე ამის დამადასტურებელ ვიდეომასალას თავად ავრცელებს, ალავიძე პასუხობს: “ეს ასე არ არის. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ საქართველოში გადაადგილდებოდა რაღაც სამხედრო ტექნიკა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ინფორმაციას საქართველოს მტერი ავრცელებს, რათა მეზობლებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, საქართველოში არც ერთი უცხოური ან რაიმე სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა არ გადაადგილდებოდა და ეს ინფორმაცია არის სიცრუე.”

ალავიძის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება, სადაც შესაძლოა განიხილონ ეს საკითხიც.

ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნებით ტექნიკის გადაადგილებაზე განცხადება “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა. როგორც ენმ-ში ფიქრობდნენ, ტექნიკა საბრძოლო დანიშნულების იყო და ვარაუდობდნენ, რომ მანქანები საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით მიდიოდა. ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ უარყო და განაცხადა, რომ ბოლნისში სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა გადაადგილდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი