ახალი ამბები

პარლამენტმა დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა [ვიდეო]

23 მარტი, 2017 • 15919
პარლამენტმა დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა [ვიდეო]

დღეს, 23 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორის ომის დღის, 12 აგვისტოს “დიდი გამარჯვების დღედ” გამოცხადებას და უქმედ დაწესებას.

კანონპროექტი “შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტმა პირველი მოსმენით, 90 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. შესაბამისად, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს მეორე და მესამე მოსმენითაც დაუჭერს, დიდგორის ბრძოლის დღე უქმე დღედ დაწესდება.

“ეს კანონპროექტი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, მით უმეტეს, არც ერთი ჩვენი მეზობელი, მეგობარი ქეყნის. კანონპროექტის მიზანი ჩვენი გადარჩენის დღის აღნიშვნაა,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის სხდომაზე.

“შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 ივლისისა და შემდგომ ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს და დაამტკიცოს 12 აგვისტო – „საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ, ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით.

“ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ მუშაობის გააქტიურება. დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების რეალურად განხორციელების სტიმულია. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთბაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე.

გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების – 12 აგვისტოს – უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებას და განმტკიცებას,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში

  • 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
  • 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
  • 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
  • 3 მარტი – დედის დღე;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
  • სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
  • 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
  • 23 ნოემბერი – გიორგობის დღე;

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებული უფლებამოსილია, ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. კოდექსის მიხედვით, უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი