ახალი ამბები

პრემიერი: ვინც ევროკავშირში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, საქართველო მოძებნის

23 მარტი, 2017 • 197352
პრემიერი: ვინც ევროკავშირში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, საქართველო მოძებნის

დღეს, 23 მარტს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, მას საქართველო მოძებნის.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს საკითხზე, რომელიც საბაჟო სისტემაში სპეციალურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

„დღეს, როდესაც ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას საბაჟო-გამსვლელ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და მოხდება იუსტიციისა და შს სამინისტროების ინფორმირება, რომ ესა თუ ის პიროვნება განსაზღვრულ ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში. ჩვენ ცირკულარით გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და ჩვენი მხრიდან პროაქტიულად დავიწყებთ ამ ადამიანის მოძიებას იმისათვის, რომ მოხდეს რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა, ამ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო შემდგომში თავად დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი,“ – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სავიზო ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი.

ევროკავშირი

ევროკავშირი

„მინდა, ჩვენმა ყველა მოქალაქემ იცოდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა, ასევე მნიშვნელოვანია, ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებთან. კიდევ ერთხელ განვმარტავ: 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს საბაჟო სისტემაში და დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში დამრღვევი პირების შესახებ. თვითონ ამ ქვეყნების შიდა პროცედურებით დაიწყება პიროვნებების მოძიება და მათი რეადმისიის პროცედურა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით იყოს ნაკლებად შესაძლებელი. იმ სამ თვეში, რა პერიოდიც გვაქვს, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირველი დღიდან, ჩვენ ამ პროცედურების შიდა სისტემურ მომზადებას დავასრულებთ და მინდა, რომ ყველა მოქალაქემ, რომელიც ევროკავშირის მიმართულებით უვიზოდ გაემგზავრება, წინასწარ იცოდეს ეს,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ ვიმოგზაურო ევროპაში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ? – ყველა შეკითხვაზე პასუხი წაიკითხეთ აქ.

უვიზოდ მოგზაურობის წესების შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი