ახალი ამბები

მთავრობა ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენებას აპირებს

23 მარტი, 2017 • 2417
მთავრობა ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენებას აპირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 23 მარტის სხდომაზე განაცხადა, რომ “ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქი აშენდება”.

პრემიერის თქმით, ეს იქნება ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება. მისივე განცხადებით, ეს პროექტი მმართველობის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი – ბიზნესსახლი, თუმცა, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო ქალაქის მოცულობითი პროექტი განხორციელდება.

“გამოიყო ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც სამინისტროები იქნება გადატანილი. ეს, ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო, მეორე მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება. ორთაჭალის იმ უბანში თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მის დაწყებას მივესალმები,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი