ახალი ამბები

პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

22 მარტი, 2017 • 1998
პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

დღეს, 22 მარტს პარლამენტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე.

პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის შენიშვნებს უყარა, თუმცა პაკეტის მთავარი პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” შესახებ და მისგან გამომდინარე ცვლილებები დეპუტატებმა 83 ხმით 20-ის წინააღმდეგ ჩააგდეს.

მოტივირებული შენიშვნების შემდეგ სხდომაზე კენჭი  პარლამენტის მომზადებულ კანონპროექტს უყარეს. დეპუტატებმა  პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” შესახებ მომზადებული კანონპროექტი 93 ხმით 21-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა  ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო 20  მარტს დაადო. ვეტოს თანახმად,  პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

მოტივირებული შენიშვნების მიხედვით,  ფარული მოსმენის განმახორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო მის დამოუკიდებლობაზე. შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის  თანახმად,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

პარლამენტმა შეცვალა მოსმენების არსებული კანონმდებლობა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

“ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასევე არაკონსტიტუციურია ფარული მოსმენების ის მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ისინი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის ვერსიას განიხილავენ.

 


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი