ახალი ამბები

დოლიძე: თუ თვლით, რომ პრეზიდენტს უსაფრთხოების დასუსტება სურს, შპიონაჟზე სარჩელი შეიტანეთ

22 მარტი, 2017 • 1495
დოლიძე: თუ თვლით, რომ პრეზიდენტს უსაფრთხოების დასუსტება სურს, შპიონაჟზე სარჩელი შეიტანეთ

“თუ თქვენ თვლით, რომ საქართვველოს პრეზიდენტი დაინტერესებულია  ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებით, შეიტანეთ განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე – შპიონაჟზე,”  – ამ სიტყვებით “ქართული ოცნების” დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის სხდომაზე მიმართა.

ანა დოლიძის თქმით, სამწუხაროა, პარლამენტის ამ შემადგენლობიდან პრეზიდენტზე ასეთი განცხადების მოსმენა:

“თქვენი ინსინუაციით, საქართველოს მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დაინტერესებულია  ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებით. მინდა ერთი წუთით დაუფიქრდეთ  ამ განცხადების შინაარსს და მის ეფექტს ჩვენი ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მაინცდამაინც არ არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებით.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრები ბრალს სდებენ ქვეყნის პრეზიდენტს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შესუსტებაში და შერყევაში. ”

ანა დოლიძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ თუ პარლამენტარის სიტყვას პასუხისმგებლობით ეკიდებიან, პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ:

“თუ თქვენ, იმ პირებმა, ვინც ეს განცხადება გააკეთეთ, ვინც მიუთითეთ, რომ  ხომ არ ვასუსტებთ ვეტოთი ქვეყნის უსაფთხოების მექანიზმებს, ხომ არ ვასუსტებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ხომ არ აწარმოებს გარკვეულ ძირგამომთხრელ საქმიანობას საქართველოს მთავარსარდალი, მე მოგიწოდებთ, თუ თქვენ გესმით თქვენი განცხადების შინაარსი და თუ თქვენ  პასუხისმგებლობით ეკიდებით პარლამენტის წევრის სიტყვას, მოგიწოდებთ,  გადადგათ შესაბამისი ნაბიჯები და შეიატანეთ განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე – შპიონაჟზე. იცით, რომ ასეთი მუხლი არსებობს.  სხვა შემთხვევაში, მსგავსი კუდიანების დევნა გვახსენებს იმ მომენტებს, იმ ეპიზოდებს, რომლის გახსენება, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გსურთ, არც ჩვენ და არც საქართველოს მოსახლეობას”.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს განიხილავენ. სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა, მათ შორის გედევან ფოფხაძემ , გამოთქვეს აზრი, რომ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ვერსიით ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა დასუსტდება.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

მოტივირებული შენიშვნების მიხედვით,  ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო მის დამოუკიდებლობაზე. შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა 20  მარტს ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის  თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.

პარლამენტმა შეცვალა მოსმენების არსებული კანონმდებლობა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

“ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასევე არაკონსტიტუციურია ფარული მოსმენების ის მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ისინი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის ვერსიას განიხილავენ.

ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევდა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი