ახალი ამბები

დეკანოზის ადვოკატები სინოდის 16 წევრის სასამართლოში გამოკითხვას ითხოვენ

22 მარტი, 2017 • 3090
დეკანოზის ადვოკატები სინოდის 16 წევრის სასამართლოში გამოკითხვას ითხოვენ

მას შემდეგ, რაც საქართველოს საპატრიარქომ სინოდის წევრთა გამოკითხვაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს უარი უთხრა, დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სინოდის 16 წევრის გამოკითხვაზე შუამდგომლობით მიმართა. როგორც საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, იურისტებმა გამოკითხვის დასაბუთებისას არასწორი მუხლებით იხელმძღვანელეს.

“სინოდის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით მოთხოვნა ჯერ შევიტანეთ საქართველოს საპატრიარქოში და საპატრიარქოს იურიდიულმა სამსახურმა- წესით, ამას თავად პიროვნება წყვეტს, სურს თუ არა გამოკითხვა- მიიღო გადაწყვეტილება და მივიღეთ პასუხი, რომ ეს არ იყო მიზანშეწონილი. ეს მათთვის, თორემ საქმისათვის ძალიან მიზანშეწონილია და მნიშვნელოვანია…

ამის შემდეგ, კანონის შესაბამისად, შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს და ვასაბუთებთ, თუ რის საფუძველზე მოვითხოვთ მათ გამოკითხვას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრალდების მხარის მოწმეს ირაკლი მამალაძეს ჰყავს მოხსენიებული გარკვეული პირები – საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრები, შესაბამისად, კითხვები გაგვაჩნია, რამდენად შეესაბამება ირაკლი მამალაძის ვერსიები რეალობას,” – აცხადებს რამიშვილი.

რამიშვილის თქმით, სასამართლოში შუამდგომლობას საქართველო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე და 333-ე მუხლებით ხელმძღვანელობენ და გამოკითხვის ადგილმონაცვლეობას ითხოვენ.

“ხომ გახსოვთ, როდესაც მეუფე პეტრემ მოითხოვა სასამართლოში დაკითხვა და პროკურატურა არ შევიდა შუამდგომლობით, ამიტომ დაკითხეს თვითონ. ჩავთვალოთ, რომ ამათაც უარის თქმით მოითხოვეს სასამართლოში დაკითხვა და ჩვენ შევედით შუამდგომლობით,” – განმარტავს რამიშვილი.

თუმცა საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ იურისტის მიერ მითითებული მუხლები, რის საფუძველზეც სინოდის წევრთა საპატრიარქოში გამოკითხვას მოითხოვდნენ, იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც დეკანოზს აქვს წარდგენილი, 2018 წლის პირველ იანვრამდე შეჩერებულია.

“მათი ფორმულირება სამართლებრივად იყო არასწორად დაყენებული და აქედან გამომდინარე ეთქვათ უარი.

დასაბუთებული უნდა იყოს გამოსაკითხი პირის ფაქტობრივი შემხებლობა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან. თუ ეს ფაქტობრივი შემხებლობა არ დასტურდება, რა თქმა უნდა, გამოკითხვას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

323-ე მუხლი, რომლითაც მოგვმართეს, არის გარდამავალი მუხლი. რაც ნიშნავს, რომ ადვოკატს გამოკითხვა არ შეუძლია კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში გარკვეული დროით, ამ შემთხვევაში 2018 წლის პირველ იანვრამდე,” – აცხადებს ქარჩავა.


პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. “ციანიდის საქმეზე” მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი