ახალი ამბები

ალანია რუსთავი 2-ის საქმეზე: დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს

22 მარტი, 2017 • 1790
ალანია რუსთავი 2-ის საქმეზე: დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, თამარ ალანიას განცხადებით, მას არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ეს განცხადება თამარ ალანიამ 22 მარტს გააკეთა რუსთავი 2-ის კითხვის პასუხად, დაინტერესდება თუ არა იუსტიციის საბჭო დიდი პალატის მიერ რუსთავი 2-ის საქმის დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბების შესახებ ინფრმაციით.

თამარ ალანიას თქმით, შესაძლო გაყალბების შესახებ საუბარი მისი კომპეტენცია არ არის. იგი ასევე ამბობს, რომ დიდ პალატასთან დაკავშირებით მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც მედიით ვრცელდება.

“სიყალბის დადგენა ხდება, პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების მხრდან და შემდგომ, სასამართლოს განაჩენით. აქედან გამონდინარე, მე არაკომპეტენტური ვიქნები, ვთქვა რაიმე მოსაზრება სიყალბესთან დაკავშირებით… ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვერანაირ კომენატრს ვერ გავაკეთებ, პირველ რიგში, ეს იქნება არაეთიკური ჩემი მხრიდან, რამდენადაც გადაწყვეტილება მიღებულია დიდი პალატის მხრიდან, მასში 9 მოსამართლე ღებულობდა მონაწილეობას, რამე ეჭვის შეტანის საფუძველი მე, როგორც მოსამართლეს, არ მაქვს. თუ იარსებებს შესაბამისი გამოძიების დასკვნა და თუ იარსებებს, შემდგომ, განაჩენი, ცხადია, მეც მექნება პოზიცია,”- განაცხადა მან.

უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავი 2-ის საქმეზე დიდი პალატა 2016 წლის 1 დეკემბერს ჩამოყალიბდა. რუსთავი 2-ის მხარე კი აცხადებს, რომ მათ ამის შესახებ თვეების განმავლობაში არ ჰქოდათ ინფორმაცია და დიდი პალატის შემადგენლობის შესახებ საქმის განხილვამდე სამი დღით ადრე, თებერვლის ბოლოს აცნობეს.

გარდა ამისა, რუსთავი 2-ის ადვოკატები ამბობენ, რომ დიდი პალატის დაკომპლექტების შემდეგ, რაც სასამართლოს განცხადებით, 2016 წლის 1 დეკემბერს მოხდა, საქმის მასალებში ყველა ფურცლის ნუმერაცია გადასწორებულია. ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი გადასწორებული ნუმერაციის დამადასტურებელ მასალას აქვეყნებს.

მხარე ვარაუდობს, რომ, ეს დოკუმენტაციის გაყალბებაზე მიუთითებს იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეს რამდენიმე თვის განმავლობაში იხილავდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი