ახალი ამბები

გვარამიამ რუსთავი 2-ის თანამშრომლებს ალტისტ გიორგი ცაგარელის გაშუქება აუკრძალა

21 მარტი, 2017 • 13618
გვარამიამ რუსთავი 2-ის თანამშრომლებს ალტისტ გიორგი ცაგარელის გაშუქება აუკრძალა

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც რუსთავი 2-ის თანამშრომლებისგან მოითხოვს, ალტისტ გიორგი ცაგარელის მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიებები არ გააშუქონ და არც რეკლამა გაუშვან.

ამის მიზეზი რუსთავი 2-ის მიმართ გიორგი ცაგარელის დამოკიდებულება გახდა.

“ის ხალხი, ვინც რ2-ში მუშაობს, ნაცების მონები არიან და არანაირი ჟურნალისტური ეთიკა არ გააჩნიათ” – ფეისბუკზე გიორგი ცაგარელის მიერ დაწერილი ეს ფრაზა გამოაქვეყნა ნიკა გვარამიამ და რუსთავი 2-ის თანამშრომლებს მოუწოდა, უზრუნველეყოთ, რომ არ გაშუქებულიყო ცაგარელის ღონისძიებები.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, ნიკა გვარამიას მოთხოვნა, რუსთავი 2-ის ეთერში არ გააშუქონ ცაგარელის მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიებები, ხომ არ შეიცავდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ნიშნებს და აპირებდნენ თუ არა ჟურნალისტები ამ აკრძალვის შესრულებას.

ეს კითხვა რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, გიორგი ლაფერაშვილს დავუსვით. იგი ამ საკითხს შიდასარედაქციო საქმედ აფასებს.

“არ მგონია, შიდასარედაქციო საქმეებზე კომენტარი საინტერესო იყოს. მით უმეტეს, რომ ცაგარელთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გვარამიამდე დავწერე, რასაც ვფიქრობ. და თუ ამ კონკრეტული მუსიკოსისთვისაც სულერთია, ვინ, რას და როგორ აშუქებს – მაშინ მით უმეტეს, რა აზრი აქვს კომენტარს… ისე, საინტერესოა – თქვენ რომ რუსთავი ორში მუშაობდეთ, მოგინდებიდათ თუ არა, გაგეკეთებინათ სიუჟეტი ადამიანზე, რომელიც მონას გეძახით. და თუ მაინც დაგაძალებდით ამ სიუჟეტის გაკეთებას, ჩათვლიდით თუ არა ამას თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევად?”- გვიპასუხა გიორგი ლაფერაშვილმა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ მედიამ საზოგადოებას უნდა სცეს პატივი და კონკრეტული ამბავი გააშუქოს იმიტომ, რომ საზოგადოების ინფორმირება უზრუნველყოს:

“თუკი რესპონდენტის/ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, არ უნდა დაიბლოკოს მხოლოდ იმიტომ, რომ მას არხი არ მოსწონს. საწუხაროდ, არ ვიცი, რამდენად არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი ამ კონკრეტული მუსიკოსის მიმართ, აკეთებს თუ არა რაიმე ისეთს, რომ მაუწყებლის ყურადღება დაიმსახუროს. ეს რედაქციამ უნდა გადაწყვიტოს. მედიამ საზოგადოებას უნდა სცეს პატივი, ამბავი იმიტომ უნდა გააშუქოს, რომ მისი ინფორმირება უზრუნველყოს და არა იმიტომ, რომ ვინმეს პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. გასართობ გადაცემებშიც სტუმრების მიწვევა რედაქციის არჩევანია, რაშიც თავისუფალი უნდა იყოს,”- ამბობს ნატა ძველიშვილი.

გიორგი ცაგარელი რუსთავი 2-ის ეთერში

გიორგი ცაგარელი რუსთავი 2-ის ეთერში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი