13 463 ვეტერანის პერსონალური ინფორმაციის გაცემის კანონიერებას ინსპექტორი სწავლობს

13 463 ვეტერანის პერსონალური ინფორმაციის კერძო კომპანიისთვის გადაცემის კანონიერებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს.

უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ მათ დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა მას შემდეგ, რაც გაეცნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის აპრილამდე  ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის საქმიანობას მომოიხილავს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა გადასცა კომპანია “ჯორჯიან ფორ ვეტერანსს” 13 463 ვეტერანის პერსონალური ინფორმაცია:

  • სახელი და გვარი
  •  პირადი ნომერი
  • ვეტერანის საიდენტიფიკაციო კოდი
  • რეგისტრაციის მისამართი და ფაქტიური საცხოვრებელის მისამართი
  • ტელეფონის ნომერი

აღნიშნული ინფორმაცია ვეტერანთა სამსახურმა 2016 წლის 1 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეს ინფორმაცია უნდა გადაეცა ვეტერანების თანხმობის შემთხვევაში, ხოლო ინფორმაცია კომპანიას იმისთვის სჭირდებოდა, რომ ვეტერანებისთვის დაემზადებინა სასაჩუქრე ტალონები და სპეციალური ბარათები.

კომპანია იღებდა ვალდებულებას, რომ უსასყიდლოდ დაამზადებდა ვეტერანებისთვის სპეციალური ფასდაკლების ვებგვერდს და ბარათებს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ვეტერანთა სამსახური აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები მათივე თანხმობით გადასცეს, თუმცა ამის შემდეგ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.

აუდიტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი “ვეტერანს ფორ ჯორჯიასა” და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს შორის 2015 წლის 24 ივლისს გაფორმდა. კომპანია მიზანი იყო, ხელი შეეწყო ვეტერანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის. ის ვალდებულებას იღებდა, შეექმნა და ემართა “ვეტერანთა კლუბი”, მოეზიდა პარტნიორები და ისეთი იურიდიული პირები, რომლებიც დააფინანსებდნენ ვეტერანთა კლუბის სხვადასხვა აქტივობას.

“ვეტერანს ფორ ჯორჯია” მემორანდუმის გაფორმებამდე 3 დღით ადრე, 2015 წლის 21 ივლისს დაარსდა. მისი მფლობელია ნიდერლანდების სამეფოში დაფუძნებული კომპანია “ფორტუნა ჰოლდინგსი”.

საქართველოს საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, “ფორტუნა ჰოლდინგსის” მიზანია:

  • ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყალმომარაგების, წყალგაწმენდითი პროექტების მომზადება
  • კომპანიებისა და საწარმოების დაფინანსება
  •  დაფუძნება, მართვა და ზედამხედველობა
  • რეგისტრირებული ქონების ყიდვა-გაყიდვა, ექსპლუატაცია
  • ვაჭრობა საქმიანი ქაღალდებით, ვალუტით და სხვა ტიპის სამეწარმეო საქმიანობა

“ვეტერანს ფორ ჯორჯიას” დირექტორი რაფაელ მაღალაშვილია. საჯარო რეესტრის მიხედვით, იგი კიდევ ორი კომპანიის დირექტორი და ორის მეწილეა, მათ შორისაა, კომპანია ქრუასონეტ, რომლის 50%-იან წილს “კოკა-კოლას” მწარმოებელი საქართველოში და საქართველოში მაკდონალდსის რესტორნების ქსელის მფლობელ თემურ ჭყონიასთან ერთად ფლობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com