ახალი ამბები

“შოკოლადნიცა” თბილისში 5 კაფეს გახსნის

21 მარტი, 2017 • 11138
“შოკოლადნიცა” თბილისში 5 კაფეს გახსნის

რუსეთში ბაზირებული ყავის სახლი “შოკოლადნიცა” თბილისში 5 კაფეს გახსნას აპირებს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს კომპანიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქართველ პარტნიორებთან ქსელის გახსნის საკითხზე შეთანხმება უკვე ხელმოწერის ეტაპზეა. საუბარია იმის შესახებ, რომ “შოკოლადნიცამ” პარტნიორებს თავისი ფრენჩაიზების გახსნის უფლება მიჰყიდა.

კომპანიის განმარტებით, იგეგმება ქსელის გაფართოება ბაქოშიც 8 რესტორნამდე. აზერბაიჯანის დედაქალაქში ამჟამად ზემოხსენებული ბრენდის 2 კაფე ფუნქციონირებს. “შოკოლადნიცა” უკვე მუშაობს სომხეთსა და ყაზახეთში.

“ჩვენ ძალიან დიდ ფსონს ვდებთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და მათ შორის სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებზე, სადაც  პოპულარული რუსული ბრენდები ამ დროისთვის მოთხოვნადია. ჩვენი გათვლით აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში სარესტორნო ბაზრის სიმძლავრე იმგვარია, რომ მომდევნო 5-7 წელიწადში რეგიონში 8-10 დაწესებულების გახსნა შეიძლება ყოველწლიურად”, –  აცხადებენ კომპანიაში და დასძენენ, რომ ამ ტიპის კაფეები, სადაც კლიენტები საშუალოდ $10-ის ღირებულების მენიუს ყიდულობენ, ზემოხსენებულ ქვეყნებში ძალიან პოპულარულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი