ახალი ამბები

ზარდიაშვილი: პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის

21 მარტი, 2017 • 1861
ზარდიაშვილი: პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და უშინაარსოა.

ას განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, რომ ამ ვეტოს მაინცდამაინც დიდი გულისყურით არ მოეკიდონ:

“იმიტომ, რომ ეს ვეტო დაადო გიორგი მარგველაშვილმა, ჩვენმა პრეზიდენტმა. ზოგადად, პრეზიდენტი დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი უნდა იყოს. ეს ის პრეზიდენტია, რომელიც წარადგენს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს, იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ მათ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. შესაბამისად, მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ყოველთვის მოკლებულია შინაარსობრივ მდგომარეობას,” – განაცხადა ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, პროცედურას მიჰყვნენ, ვეტო დაძლიონ და პრეზიდენტს  სპეკულაციების საშუალება არ მისცენ.

საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა 20  მარტს ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევდა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი