26225

რამ გამოიწვია 20 მარტს საქართველოში ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 21 მარტს, ქარი შესუსტდება, ხვალ – სუსტი ქარი იქროლებს, 23 მარტს კი გამოიდარებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საღამოს ქარი ჩადგება, თუმცა ხვალ, 22 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სუსტი ქარი ისევ იქროლებს, დაახლოებით 10-15 მეტრი წამში.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით საღამოს საათებში, ქარი გაძლიერდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 500-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

რამ გამოიწვია ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქარი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ჰაერის ცივი მასები და დაახლოებით 14:00 საათისთვის მკვეთრად დაეცა ტემპერატურა.

დასავლეთ საქართველოს სიცივემ და აღმოსავლეთ საქართველოს ჰაერის მაღალმა ტეპერატურამ შექმნა კონტრასტი (ტემპერატურულ წნევებს შორის დიდი გრადიენტი), რამაც ქარის გაძლიერება გამოიწვია საღამოს საათებში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ქარი იყო იმერეთის რეგიონში, თუმცა საღამოს საათებში  დასავლეთში ქარი ჩადგა. ყველაზე ძლიერი ქარი აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდა:

  • თბილისში 24 მეტრი/წამი
  • აეროპორტის ტერიტორიაზე 21:00-22:00 საათზე ამოვარდა 27-32 მეტრი/წამი
  • გორში 28 მეტრი/წამი.
  • მარნეულში იყო დაქროლვა 20 მეტრი/წამამდე
  • ძლიერი ქარი არ ყოფილა კახეთში

ჰაერის ტემპერატურა

ცივი მასების შემოსვლის გამო დაეცა ჰაერის ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გუშინ ლაგოდეხში იყო ყველაზე მაღალი ჰაერის ტემპერატურა – 21 გრადუსი, თუმცა 8 გრადუსამდე დავარდა.

დღეს დაბლობსა და ბარში 9-11 გრადუსია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, რომ მაღალ მთაში იყოს ნალექი თოვლჭყაპის სახით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მარტს გამოიდარებს საქართველოს ტერიტორიაზე და ჰაერის ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე აიწევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com