ახალი ამბები

გიორგი მღებრიშვილი: არავინ არავის არაფერს არ უდებს

20 მარტი, 2017 • 3609
გიორგი მღებრიშვილი: არავინ არავის არაფერს არ უდებს

“არავინ არავის არაფერს არ უდებს,” – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელების მიერ მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების ჩადების ბრალდებასთან დაკავშირებით გააკეთა.

“არავის შვილობა, არავის პროფესია… ამ საკითხში ინდულიგენცია არ არსებობს. ის ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს, არის რეალური ფაქტები,” – ამბობს გიორგი მღებრიშვილი.

15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს, რომელიც თავს უკანონო პატრიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარშილაძეს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა  2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.  დავით ხარშილაძე წაყენებულ ბრალდებას სრულად უარყოფს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს, ხოლო საქმე ქრონიკა პლუსის ხელისუფლებისადმი კრიტიკული საქმიანობის გამო შეუკერეს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილმა,  ანა მარგველაშვილმა 19 მარტს განაცხადა, რომ მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი პრეზიდენტის ოჯახის  მიმართ რეპრესიებს ემსხვერპლა და ამის გამო ჩაუდეს მას ნარკოტიკული საშუალებები.

“ეშინოდა და მოსდიოდა ხმები, რომ აპირებდნენ მისთვის ასეთი რამის გაკეთებას. უფრო ეგონა, რომ იარაღს ჩაუდებდნენ, მაგრამ 18 აბი სუბუტექსი… იმდენად არანაირი შეხება არ ჰქონია არასდროს ამ ადამიანს, არ ყოფილა ამაზე არც გაჩერებული, არც დაჯარიმებული, იმიტომ, რომ ვერც წარმოვიდგენდით ასეთ რაღაცას. ჩემი ინფორმაციით, აპირებენ იგივე გაუკეთონ ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავას, რომელსაც ასევე მოსდის ხმები და ეშინია სახლიდან გამოსვლა. [დაკავებას] ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც გააკეთა ისეთი განცხადება, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე. წინაზეც იგივენაირდ მოხდა გაჩხრეკა და რეპრესიები და შევარდნები სახლში”, – განუცახდა ანა მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი