ახალი ამბები

რა შენიშვნები აქვს პრეზიდენტს “ფარული მოსმენების” შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე

20 მარტი, 2017 • 1924
რა შენიშვნები აქვს პრეზიდენტს “ფარული მოსმენების” შესახებ  კანონპროექტთა პაკეტზე

საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე მომზადებული მოტივირებული შენიშვნები გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, წარმოდგენილი კანონების პროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

მოტივირებული შენიშვნების მიხედვით,  ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო მის დამოუკიდებლობაზე:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის გამოძიებაზე უფლებამოსილი სტრუქტურა, რაც იმ პირობებში, როდესაც სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სისტემაში შემავალი სტრუქტურაა და პრაქტიკულად მნიშვნელოვანწილად ინტეგრირებულია მასში, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სისტემური თვალსაზრისით, სააგენტოს ამგვარი სტატუსი და ინსტიტუციური ორგანიზაცია ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.”

შენიშვნების მიხედვით, არსებობს პრეზუმფცია, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანო ბოროტად არ ისარგებლებს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით, თუმცა პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სააგენტოს ინსტიტუციური ორგანიზება ქმნის იმგვარ საფრთხეს, რომლის  გათვალისწინებითაც საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

“მიზანშეწონილია, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური საშუალებით აღჭურვილი იყოს ის სტრუქტურა, რომელსაც არ აქვს მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილებები და არც პროფესიულად იქნება დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით. ”

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

ამასთან, პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიჩნევს, სააგენტოს დებულება მთავრობამ დაამტკიცოს არა სააგენტოს უფროსის, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე.

“გთავაზობთ, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის დანიშვნა განისაზღვროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომპეტენციად. ასევე, გთავაზობთ, თავად პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის სფეროდ განისაზღვროს სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურის შერჩევაც და ეს არ იყოს კანონის პროექტით შემოთავაზებული კომისიის პრეროგატივა, რომლის შემადგენლობაც იმგვარია, რომ რთულია საპარლამენტო უმრავლესობის ნებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ასევე, მიზანშეწონილია, სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე და  მოადგილეები თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ”

„საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ქონის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია:  საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები;

ასევე უფლებამოსილია,  ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური საშუალება კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად;  და  ნორმატიული აქტებით განსაზღვროს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები.

პრეზიდენტის აზრით, ამ კანონპროექტებში მრავლადაა იმგვარი რეგულაციები, რომლის ამოქმედება ოპერატორებს აკისრებს შეუსაბამოდ მძიმე და შეუსრულებელ რეგულაციებს. შესაბამისად, პარლამენტს შემდეგ ცვლილებებს სთავაზობს:

“საკუთრების უფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობის, სტაბილური და პროგნოზირებადი ბაზრისა და სამეწარმეო ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონპროექტში ჩაიწეროს: ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე სამართლიანი ანაზღაურებით განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.”

მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, ასევე, მიზანშეწონილია, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას სამართლიანი ანაზღაურების სანაცვლოდ მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისათვის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად.”

გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული სისტემის შექმნის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ჰქონდეს იმ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით, აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს შესაბამისი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.

პრეზიდენტის აზრით, მოცემულ შემთხვევაშიც მიზანშეწონილია, სააგენტომ შესაბამისი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები განათავსოს არა უსასყიდლოდ, არამედ სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 20  მარტს, მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის  თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.

პარლამენტმა შეცვალა მოსმენების არსებული კანონმდებლობა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

“ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასევე არაკონსტიტუციურია ფარული მოსმენების ის მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ისინი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის ვერსიას განიხილავენ.

ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევდა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი