ახალი ამბები

მერია გარემოვაჭრეებს ადგილებს სავაჭრო ობიექტებზე სთავაზობს

20 მარტი, 2017 • 2202
მერია გარემოვაჭრეებს ადგილებს სავაჭრო ობიექტებზე სთავაზობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, გარემოვაჭრეებს შეხვდა და მათ სხვა სავაჭრო ობიექტებზე შესთავაზა საქმიანობის გაგრძელება. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ და მერიას პასუხს მომდევნო დღეებში შეატყობინებენ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მერიასა და ბაზრობების ასოციაციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოვაჭრეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ადგილი სასურველ სავაჭრო ობიექტზე, გაიარონ რეგისტრაცია და დაიწყონ საქმიანობა. მათთვის გათვალისწინებულია შეღავათები – პირველი 6 თვის განმავლობაში მოვაჭრეები იჯარის თანხას არ გადაიხდიან.

ერთ-ერთი გარემოვაჭრის, ნინო დარჩიაშვილის თქმით, მოვაჭრეთა ნაწილისათვის პირობა მისაღებია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

“ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, მარჯანიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩების გარემოვაჭრეების წარმომადგენლებს შევხვდით. დეტალურად განვუმარტეთ, რატომ მოხდა მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის შეზღუდვა. ასევე, ავუხსენით, რას სთავაზობს თბილისის მერიის ჩართულობით მათ ბაზრობების ასოციაცია. აქ იგულისხმება რეგისტრაციის გავლა იმ ბაზრობებზე, რომელსაც თავად მოვაჭრეები აირჩევენ. გარდა ამისა, ისინი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისაგან და ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებში ექნებათ საშუალება, განახორციელონ თავიანთი საქმიანობა,” – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

თბილისის მერიამ გარემოვაჭრეები 19 მარტს მეტრო “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა. მერიის ცნობით, უახლოეს მომავალში ანალოგიური ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვა ადგილებშიც განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი