ახალი ამბები

საზმაუმ GDS–ის კიდევ ერთი თანამშრომელი დაიმატა

20 მარტი, 2017 • 9140
საზმაუმ GDS–ის კიდევ ერთი თანამშრომელი დაიმატა

დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტელეკომპანია GDS-ის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, მიშა ფეიქრიშვილი დაიმატა, ხოლო ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს გადაცემა “20/30″–ის ყოფილ წამყვანთან, მაკა ცინცაძესთან. ინფორმაცია ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ დაგვიდასტურა.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 5 ახალი კადრი დაიმატა, რომლებიც მანამდე ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა “20/30”-ში მუშაობდნენ: ეკა შონია დაგეგმვის რედაქტორად დაინიშნა; ნათია თოიძე, თამუნა კენკიშვილი და მაია ჭიჭულაშვილი- დღის ახალი ამბებისა და დაგეგმვის რედაქტორებად; ირინა დეკანოიძე- საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-რედაქტორად.

მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე ერთად უძღვებოდნენ გადაცემას – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა; საარჩევნო სატელევიზიო პროექტი GDS–ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. გადაცემა “20/30” ასევე ყოფილი პრემიერ–მინისტრის პროექტია, რომლის პროდიუსერიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე იყო, ხოლო ეთერში გასვლიდან დახურვამდე მაკა ცინცაძეს მიჰყავდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი ამბობს, რომ GDS-ის ყოფილი თანამშრომლების დამატება მოლაპარაკებების გზითა და მათან შეხვედრების შემდეგ გადაწყდა. გვიმრაძის თქმით, ამ თანამდებობებზე კონკურსის გზით თანამშრომლების აყვანის ვალდებულება არ იყო.

მიშა ფეიქრიშვილი და მაკა ცინცაძე ფოტო: 20/30

მიშა ფეიქრიშვილი და მაკა ცინცაძე ფოტო: 20/30

მასალების გადაბეჭდვის წესი