ახალი ამბებისაზოგადოება

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე – უვიზო რეჟიმი

20 მარტი, 2017 • 23469
პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე – უვიზო რეჟიმი

გთავაზობთ პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. პასუხების სანახავად დააკლიკეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებს:

როდის იქნება შესაძლებელი უვიზო მიმოსვლა?
2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.
რას ნიშნავს/გულისხმობს უვიზო მიმოსვლა?
უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც).
რას არ ნიშნავს უვიზო მიმოსვლა?
სამუშაო და გრძელვადიანი სასწავლო ვიზიტის შემთხვევაში საჭირო იქნება შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა.
რა დოკუმენტები შეიძლება დაგვჭირდეს საზღვარზე?

სასაზღვრო პუნქტთან მგზავრებს შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთი , დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი.

(რეკომენდირებულია მგზავრმა თან იქონიოს მოგზაურობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაგ. მოწვევა სამსახურეობრივ მივლინებაზე, მოკლევადიან სასწავლო კურსში მონაწილეობის დამდასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

რას უნდა ველოდოთ სავიზო რეჟიმის წესების დარღვევის შემთხვევაში?

შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესასვლელად უვიზო რეჟიმით სარგებლობა შესაძლებელია მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაში (მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში − ანუ ნებისმიერი 6 თვიდან მხოლოდ 3 თვეს. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით).
შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევის შემთხვევაში (3 თვის გასვლის შემდეგ), საქართველოს მოქალაქის აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა ავტომატურად ჩაითვლება არალეგალურად. შესაბამისად, ასეთი პირი დაექვემდებარება შენგენის ზონის წევრი კონკრეტული ქვეყნიდან გაძევებას და საქართველოში ნებაყოფლობით ან იძულებით დაბრუნებას (რეადმისიას). ამასთან, მოქალაქეს შესაძლოა შეეზღუდოს შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე.

აქვს თუ არა უვიზოდ მგზავრობის უფლება პირს, რომელიც იყო საქართველოში ნასამართლევი და მან მოიხადა შესაბამისი სასჯელი?
დიახ, აქვს.
შეძლებს, თუ არა საპატიმროდან პირობითად გათავისუფლებული პირი გამგზავრებას უვიზოდ?
შეძლებს, თუ საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს საზღვარგარეთ გამგზავრებას.
შეუძლია თუ არა პირს, რომელმაც დანაშაულისათვის სასჯელი სრულად მოიხადა ევროკავშირის ქვეყანაში და ეხლა თავისუფალია, ისარგებლოს უვიზო მიმოსვლით?

შეუძლია, თუ ევროკავშირის მხრიდან არ აქვს დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვა. ამასთან, პირი არ უნდა იყოს:

• ნასამართლევი შენგენის/ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 1 წლით;
• იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას, ან შიდა უსაფრთხოებას;
• იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ ზემოხსენებული ქვეყნებიდან მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა;
ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაცია) ან უკან დაბრუნების (რეადმისია) შესახებ გადაწყვეტილების ობიექტი;
• ასევე, არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის, ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები.

უვიზო მიმოსვლის დროს კვლავაც იქნება, თუ არა საჭირო მცირეწლოვან ბავშვზე მინდობილობა, თუკი იგი უცხოეთში მიჰყავს ერთ-ერთ მშობელს? თუ მინდობილ პირს მიყავს ბავშვი ევროკავშირის ქვეყანაში, მაშინ რა დოკუმენტებია საჭირო, რომ გააჩნდეს ამ პირს?
ევროპელ მესაზღვრეს შეიძლება დასჭირდეს დაბადების მოწმობა, ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე. ასევ, მინდობილობა, მესაზღვრისათვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი.
რამდენად აუცილებელია შენგენის საზღვრების დატოვების შემდეგ მოქალაქეს პასპორტში ერტყას გასვლის შტამპი (მაგ. თუ მესაზღვრემ არ ჩაურტყა, უნდა მოითხოვოს, თუ არა)?
ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნები საზღვრის დატოვების შემდეგ სასურველია პასპორტში მოხდეს შესაბამისი შტამპის ჩარტყმა, რათა მოქალაქეს გაუმარტივდეს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ყოფნის ვადის ათვლა.
რას აკეთებს პირი, თუკი მას ევროკავშირის/შენგენის საზღვარზე შესვლაზე უთხრეს უარი?
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვა ევროკავშირის/შენგენის ქვეყანაში შესვლაზე, მას უფლება აქვს, ამ ფაქტის და უარის მიზეზების შესახებ მიიღოს ახსნა განმარტება, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. მოქალაქეს, ასევე, აქვს უფლება გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, შენგენის წევრი ქვეყნის მიერ უარის ფურცელში მითითებული პირობების შესაბამისად.
თუ ადამიანი მიემგზავრება ავტომობილის ჩამოსაყვანად, მოსთხოვს თუ არა მას მესაზღვრე დასაბრუნებელ ბილეთს? თუ არა, მაშინ სხვა რა საბუთი შეიძლება მოსთხოვოს, რომ დარწმუნდეს მის უკან დაბრუნების სინამდვილეში? ბიომეტრიული პასპორტის გარდა სხვა რა საბუთები მოეთხოვება პირს, რომელიც ევროკავშირში ტურისტულად მოგზაურობას აპირებს ავტომობილით?

დღევანდელი დღის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ავტომანქანის შესაძენად, ვიზის მისაღებად საელჩოში უნდა წარადგინოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი, მანქანის რეგისტრაციის საბუთების ასლები და არსებობის შემთხვევაში: შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და ტრანსპორტირების საბუთების ასლები.

სასურველია საქართველოს მოქალაქემ საზღვრის კვეთის დროს თან იქონიოს ზემოჩამოთვლილი დოკუმენტაცია; ავტოტურით მომავალმა პირებმა, დოკუმენტების სტანდარტული ჩამონათვალის გარდა, საზღვარზე უნდა წარადგინონ ავტომანქანის ყიდვის ნებისმიერი დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტრო მიმოწერა, პრე-ინვოისი და ა.შ).

აპირებს თუ არა ქართული მხარე (საქართველოს საზღვარზე) რაიმე პრევენციული ღონისძიების გატარებას, რომ აქვე მოხდეს დოკუმენტების შემოწმება, რათა გამოირიცხოს პრობლემები შენგენის საზღვარზე?

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სტანდარტული შემოწმების პროცედურებთან (სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის ნამდვილობის შემოწმება სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით) ერთად გადამოწმდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა, რომელიც აუცილებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე უვიზოდ შესასვლელად (ეს დოკუმენტებია: მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, საქართველოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი; სასტუმროს ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები). არასრულფასოვანი დოკუმენტების ფლობის შემთხვევაში, მოხდება პირის გაფრთხილება რომ მას შესაძლოა უარი ეთქვას შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე.

ამასთან, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდგომ ჩატარდება საინფორმაციო კამპანიები, რომლის ფარგლებში მოსახლეობას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია უვიზო რეჟიმის მოქმედების პირობების, ვადების და იმ აუცილებელი დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქემ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გასამგზავრებლად.

რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეს პირს, რომელიც მიდის გამოკვლევაზე და შეიძლება, თუ არა, რომ მესაზღვრემ იკითხოს ასეთი კვლევისთვის საჭირო თანხის წარმოდგენა?
უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებიდან წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ პირი ნამდვილად მიემგზავრება სამედიცინო მიზნით. ამავე წერილში უნდა ჩანდეს რა ფორმით უნდა მოხდეს სამედიცინო მომსახურებისთვის თანხის ანაზღაურება და რა რაოდენობით (მაგ. თუ თანხა წინასწარ გადახდილია, წერილში მითითებული უნდა იყოს, რომ მომსახურების თანხა XXX ევრო უკვე გადახდილია. თუ მომსახურების შემდეგ უნდა მოხდეს ანაზღაურება, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებას წინასწარ არ შეუძლია განსაზღვროს ზუსტი ოდენობა, ასევე, უნდა იქნეს აღნიშნული წერილში, რომ მომსახურება სავარაუდოდ, შეადგენს XXX ევროს, ხოლო ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება უშუალოდ გამოკვლევის შემდგომ).
გავრცელდება თუ არა უვიზო მიმოსვლა რაიმე ფორმით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებზე?
არა.
ერთ პასპორტთან დაკავშირებით ევროკავშირის მიდგომიდან გამომდინარე, თუ პირს გააჩნია 2 ბიომეტრიული პასპორტი (ერთი ხანგრძლივი მოქმედებით, მეორე კი, 1 წლიანი) და ევროკავშირში მიემგზავრება ერთ წლიანი პასპორტით, რადგან გრძელვადიანი სხვა (არა ევროკავშირის) ქვეყნის საელჩოშია და ელის ვიზას. ამ შემთხვევაში ხომ არ იქნება რაიმე პრობლემა მესაზღვრეების მხრიდან?
არა, თუ პასპორტი არის ბოლო 10 წლის მანძილზე გაცემული და მისი მოქმედების ვადა მინიმუმ სამი თვით აღემატება ევროკავშირიდან გამომგზავრების თარიღს.
აქვს თუ არა პირს შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით, თუკი მას დაწესებული აქვს შესვლის აკრძალვა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში?
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეზე არსებობს გადაწყვეტილება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნიდან გაძევების შესახებ, იგი ვერ ისარგებლებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით, ვიდრე დაწესებული ექნება ქვეყანაში შესვლის შეზღუდვა.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პირი მიემგზავრება ტურისტული მიზნით და აპირებს მოინახულოს 2-3 ქვეყანა?
საქართველოს მოქალაქე თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.
რამდენად აუცილებელია სამოგზაურო დაზღვევის ქონა?
ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში გამგზავრებისას, სასურველია საქართველოს მოქალაქემ თან იქონიოს სამოგზაურო დაზღვევა. ვინაიდან სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად უფლება აქვს, მოითხოვოს სამოგზაურო დაზღვევა.
ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში საქართველოში შეუძლოდ მყოფ ავადმყოფზე გაიცემა არაბიომეტრიული პასპორტი (ასეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია), რათა ის გადააფრინონ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. რა მოხდება, როდესაც უვიზო მიმოსვლა დაიწყება და მგზავრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით?
არაბიომეტრიული პასპორტი გაიცემა ადამიანზე ვინც, მაგალითად არის კომატოზურ მდგომარეობაში და ბიომეტრიის აღება ვერ ხერხდება. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს არაბიომეტრიული პასპორტი, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში გასამგზავრებლად მოუწევს ვიზის აღება. უვიზოდ გამგზავრების საშუალება ექნებათ, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს.
რა ხდება, როდესაც ევროპაში გამგზავრების მიზნით პირი აიღებს ბიომეტრიულ პასპორტს, ხოლო პარალელურად გაუუქმდება არაბიომეტრიული პასპორტი, სადაც აშშ-ს 10 წლიანი მოქმედი ვიზაა? შეძლებს, თუ არა ამ შემთხვევაში შენგენის ვიზის მსგავსად მოგზაურობას, ე.ი. მოქმედი ბიომეტრიული პასპორტით და ასევე მოქმედი ვიზით, მაგრამ ხელთ არსებული გაუქმებული პასპორტით?
შეძლებს.
შეუძლია თუ არა პირს, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნისას შეცვალოს ბილეთის თარიღი (თუ მას დარჩენილი აქვს უვიზოდ ყოფნისთვის განსაზღვრული დღეების რაოდენობა)?
თუ მოქალაქეს დარჩენილი აქვს საკმარისი დღეების რაოდენობა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნისათვის, შეუძლია შეცვალოს უკან დაბრუნების ბილეთი. მთავარია მისი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა არ აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში.
რა არის ის მინიმუმი თანხა, რაც უნდა ჰქონდეს პირს მოგზაურობის დროს?
ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოგზაურობის დროს ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა, უნდა შეადგენდეს მინიმუმ 50 ევროს დღეში, სასტუმროს ფინანსური უზრუნველყოფის გარდა.
შეეხება თუ არა უვიზო მიმოსვლა არალეგალურად მცხოვრებ პირებს, რაიმე კუთხით?
უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სტატუსის შეცვლას.
ბევრი შიშობს, რომ თუკი ენის ბარიერის გამო ვერ დაადასტურებს მგზავრობის მიზანს, შესაძლოა იგი უკან დააბრუნონ, რაც უფრო მეტ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე მაშინ, როდესაც პირი უარს იღებდა საელჩოსგან
ასეთ შემთხვევაში პირმა უნდა შეძლოს მგზავრობის მიზნის დოკუმენტალურად დადასტურება (დოკუმენტის წარდგენის გზით), ასევე, შეუძლია მოითხოვოს თარჯიმანი.
რა დოკუმენტი უნდა ჰქონდეს პირს იმ შემთხვევაში, თუკი იგი რჩება თავის ახლობელთან/ნათესავთან (რომელიც ცხოვრობს ლეგალური სტატუსით) და არა სასტუმროში?
ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ნათესავთან/მეგობართან დარჩენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ თან უნდა იქონიოს მიმღები პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი და საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.).
პირი მუშაობს სახელმწიფო უწყებაში და მივლინებაში დადის ორდინალური პასპორტით რის ხარჯზეც იყენებს მისთვის განკუთვნილ 90 დღიან ლიმიტს. ასეთ შემთხვევაში მოხდება თუ არა ამ 90 დღიდან სამსახურისთვის გახარჯული დღეების კომპენსირება? ანუ მიემატება თუ არა ეს გახარჯული დღეები პირს, როგორც დამოუკიდებელ ინდივიდს და არა სახ. მოხელეს?
მგზავრობის მიზნის მიუხედავად, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობა შეეძლებათ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, რაც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
როდესაც პირი მიდის ახლობლის მოსანახულებლად (ხელთ აქვს მათი მოწვევა), აქვს თუ არა მას ვალდებულება, ასევე თან იქონიოს ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი თანხა ან საკრედიტო ბარათი?
იმ შემთხვევაში, თუ მოწვევის წერილში მითითებულია, რომ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე თქვენი განთავსების ხარჯებს ფარავს მომწვევი მხარე, თან უნდა იქონიოთ მათი ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხევაში თუ მოქალაქე მიემგზავრება თავისი ხარჯებით, უნდა წარადგინოს თავისი ფინანსური დოკუმენტები.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მაგალითად პირს აქვს შესვლის აკრძალვა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოში დაბრუნებისას, გამოიცვალა სახელი და გვარი და ახლა უკვე ახალი სახელით და გვარით ცდილობს ისარგებლოს უვიზო მიმოსვლით, მოხდება თუ არა მისი იდენტიფიცირება?
სახელის გამოცვლა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მხოლოდ 2-ჯერ, არასრულწლოვან და სრულწლოვან ასაკში. გვარის კი, რამოდენიმეჯერ, თუმცა ვინაიდან პირადი ნომერი უცვლელი რჩება, პირის იდენტიფიცირების/ვინაობის დადგენის პრობლემა არ დგას სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე.
ევროკავშირში/ შენგენის ზონაში 90 დღე 180-დან შესვლისას პირს თითო დღეზე გაანგარიშებით უნდა ჰქონდეს დაახლოებით 50 ევრო. რა კალკულაციაა, როდესაც ოჯახი მიდის, მაგ.: 3 პირიანი ოჯახის 10 დღიანი ყოფნა = 500 ევრო, თუ 500 * 3 = 1,500 ევრო?
500 * 3 = 1,500 ევრო.
უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე პირი ბიომეტრიული პასპორტით და 1 წლიანი ვიზით უკვე (მაგ.) 70 დღე იმყოფება შენგენის ტერიტორიაზე. მის ამ 1 წლიან ვიზას ვადა გასდის რამდენიმე კვირაში, თუმცა ამ დროს, ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლა. შეძლებს, თუ არა ეს პირი კიდევ 90 დღე + 2 დარჩენილი კვირა დარჩეს შენგენის ტერიტორიაზე, ანუ თავის ძველ ვიზას მიაბას ახალი 90 დღიანი პერიოდი?
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა.
შეუძლია, თუ არა პირს არ დაარღვიოს უვიზოდ ყოფნის ვადა, მაგრამ იმუშაოს 3 თვის მანძილზე? (ძირითადად სტუდენტების კითხვაა) არის დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ ევროკავშირში მოკლევადიანი (საზაფხულო, ან ზამთრის სკოლა) ვიზიტების დროს სტუდენტები მუშაობენ სწავლის მიღმა პერიოდში. რა რეგულაციები იქნება უვიზო მიმოსვლისას და შეეხება, თუ არა სამუშაოზე აკრძალვა ამ ტიპის მოკლევადიან ვიზიტორებს?
უვიზო მიმოსვლა არ იძლევა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობის უფლებას.
რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი პირი დაარღვევს უვიზო მიმოსვლის პირობებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზები გამო (მაგ. ბუნებრივი მოვლენა, ჯანმრთელობა და ა.შ.)?
იმ შემთხვევაში თუ პირი დაარღვევს უვიზო მიმოსვლის პირობებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იმოქმედებს იგივე წესი, როგორც სავიზო რეჟიმის დროს. მოქალაქემ უნდა მიმართოს ადგილსამყოფელი ქვეყნის მიგრაციის სამსახურს და/ან კომპეტენტურ უწყებას, რომელიც უზრუნველყოფს მისი ქვეყანაში ყოფნის გადავადებას.
ესაჭიროება, თუ არა წამსვლელ პირს მოწვევა, და თუ ესაჭიროება რა სახის უნდა იყოს: დამოწმებული, ჩვეულებრივი, რაიმე ფორმაზე დაბეჭდილი, ორიგინალი ა.შ და ვრცელდება თუ არა ეს სხვა ქვეყნებზეც?
მგზავრობის მიზანი განსაზღვრავს მოწვევის მოთხოვნის აუცილებლობას. პირი, რომელიც გეგმავს ევროკავშირში/შენგენის წევრ ქვეყნებში მოწვევის საფუძველზე გამგზავრებას, თან უნდა იქონიოს მოწვევის წერილი, რომელიც შედგენილი იქნება შესაბამისი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ პირი მიდის სამედიცინო გამოკვლევისთვის, რა საბუთები (მაგ. მომწვევის რა ტიპი) უნდა ჰქონდეს მის თანმხლებ (თუ ასეთი იქნება) პირს? შეიძლება, თუ არა, რომ მესაზღვრემ იკითხოს ასეთი კვლევისთვის საჭირო თანხის წარმოდგენა?
თანმხლებმა პირმა თან უნდა იქონიოს ადგილსამყოფელი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ პაციენტი ნამდვილად საჭიროებს თანხლებას.
თუ პირს, უარი უთხრეს შენგენის ხელშეკრულების რომელიმე წევრი ქვეყნის საზღვარზე შესვლაზე და ამავდროულად ამ ქვეყანაში არ არის საქ. დიპ. წარმომადგენლობა/საკონსულო, რა უნდა ქნას პირმა ასეთ შემთხვევაში?

იმ შემთხვევაში, თუ პირს უარი უთხრეს შენგენის ხელშეკრულების რომელიმე წევრი ქვეყნის საზღვარზე შესვლაზე და ამავდროულად ამ ქვეყანაში არ არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო, ხდება საქართველოს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულოს ინფორმირება, რომელიც ახორციელებს ზემოაღნიშნული ქვეყნის გადაფარვას.

(შენიშვნა: ინფორმირება არ ნიშნავს თქვენი ქვეყანაში შეშვების საკითხის მოგვარებას)

ამოქმედდება, თუ არა ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების მერე ე.წ. 24/7 ცხელი ხაზი შენგენის ზონაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში?
საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში დღესაც მუდმივად მოქმედებს ცხელი ხაზი 24/7.
შენგენის ხელშეკრულების რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე უარ-ნათქვამი პირი: ა) რანაირად ბრუნდება სამშობლოში და ბ) ვინ უზრუნველყოფს მის უკან დაბრუნებას?
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვა ევროკავშირის/შენგენის ქვეყანაში შესვლაზე, მოქალაქე ბრუნდება საქართველოში თავისი ხარჯით.
თუ პირი ერთხელ მაინც გამობრუნებულია (უარი აქვს ნათქვამი) შენგენის წევრი ქვეყნის საზღვრიდან, შეეძლება თუ არა მას რაღაც პერიოდის შემდეგ კვლავ გამგზავრება ევროკავშირში/შენგენის ტერიტორიაზე?
შეეძლება, თუ მას არ დაუწესდა რაიმე სახის შეზღუდვა.
თუ პირი გამობრუნებულია/გამოძევებულია ისრაელიდან და/ან თურქეთიდან (ე.ი. უვიზო მიმოსვლის ქვეყნიდან) და ეს აღბეჭდილია პასპორტში, იქონიებს თუ არა ამგვარი ფაქტი გავლენას შენგენის ზონაში მგზავრობაზე? იგივე კითხვა ეხება სხვა, მაგრამ სავიზო ქვეყნებსაც, მაგ.: აშშ, კანადა და ა.შ.
ევროკავშირის /შენგენის საზღვრის კვეთის დროს საქართველოს მოქალაქის პასპორტში სხვა ქვეყნიდან გაძევების არსებულმა შტამპმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ეჭვები და გახდეს ქვეყანაში არ შეშვების მიზეზი.
თუ პირს აქვს ორმაგი მოქალაქეობა და აქედან ერთი ქვეყნის პასპორტის მფლობელს (მაგ.: ირანი, ეგვიპტე, ერაყი და ა.შ.) არ შეუძლია უვიზოდ მგზავრობა შენგენის ტერიტორიაზე მეორეს (საქართველოს) კი, შეუძლია. იქონიებს, თუ არა ასეთი გარემოება გავლენას შენგენის ტერიტორიის საზღვარზე შესვლისას?
ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.
თუ პირი მუშაობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სპეციალური სამუშაო ვიზით, ექნება თუ არა, მას საშუალება ამ ვიზის მოქმედების ამოწურვის შემდეგ ქვეყნიდან გაუსვლელად ისარგებლოს 90 დღიანი ვადით, მაგრამ არა სამუშაო მიზნებისთვის?
ევროკავშირის /შენგენის წევრი ქვეყნების სპეციალური სამუშაო ვიზის ამოწურვის ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ უდნა გადმოკვეთოს საზღვარი და თავიდან შევიდეს ევროკავშირის /შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, მაგრამ არა სამუშაო მიზნებისთვის.
თუ პირს აქვს უარი ბრიტანეთსა და/ან ირლანდიაში შესვლაზე, იქონიებს, თუ არა ეს გავლენას შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე?
სხვა ქვეყნებში შესვლაზე უარი არ არის პირდაპირ კავშირში შენგენის ტერიტორიაზე შესვლასთან მიმართებით. მესაზღვრე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
პირს გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა საქართველოს და აშშ-ს. ორივეზე მოქმედებს 90 დღე 180-დან. ამ შემთხვევაში შეუძლია, თუ არა პირს 90-ის ნაცვლად 2x90=180 დღე დაჰყოს შენგენის ტერიტორიაზე?
არა, ვინაიდან იგი განიხილება მხოლოდ ერთი მოქალაქეობით და ამ მოქალაქეობისადმი დადგენილი მოთხოვნებით.
პირი გადის სასაზღვრო კონტროლს თბილისის აეროპორტში, ბილეთი აქვს აღებული შენგენის/ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ არ გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს მესაზღვრე?
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესასვლელად ევროკავშირის ერთ-ერთი უპირობო მოთხოვნაა საქართველოს მოქალაქის მიერ მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის ფლობა (პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს ევროკავშირიდან გამომგზავრების ვადას.). შესაბამისად, მესაზღვრე-კონტროლიორს შეუძლია გააფრთხილოს პირი, რომ აღნიშნული დოკუმენტის გარეშე არ შეუშვებენ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე.
თუ პირი არ შეუშვეს შენგენის/ევროკავშირის საზღვარზე, ნიშნავს, თუ არა ეს მისთვის ავტომატურად ე.წ. 5 წლიანი აკრძალვის დაწესებას?
არა, ვინაიდან ყველა პირს ვისაც ეთქვა უარი გადაეცემა უარის განმარტების ბარათი, რომელზეც, ასევე, მითითებული იქნება რა სახის შეზღუდვა დაუწესდა და რა ვადით.
თუ პირი შენგენის/ევროკავშირის ქვეყნიდან ბრუნდება 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდგომ და მისი რეისი გადაიდო და მან თავისი უკვე არალეგალური 91-ე დღე ისევ გაატარა მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე, რა ხდება ამ შემთხვევაში? რა დახმარების გაწევა შეუძლია საკონსულო სამსახურს?
თუ ვადის გადაცილება მოხდება პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მას ექნება შესაბამისი დასტური აღნიშნულის თაობაზე, რომელსაც წარადგენს საზღვარზე. ხოლო თუ პირი ობიექტური მიზეზით ვერ ახერხებს ამგვარი დასტურის მოპოვებას ან მიუხედავად დამამტკიცებელი საბუთისა, ვერ არწმუნებს მესაზღვრეს, შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს საკონსულოს. საკონსულო შეცდება დაეხმაროს მაქსიმალურად თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.
რა ბედი ეწევა იმ ქართველებს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან?
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე არალეგალურად იმყოფება ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, ავტომატურად მოქმედებს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება”, რომლის შესაბამისადაც ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ პირთა იდენტიფიცირება და მათი დაბრუნება საქართველოში (დაბრუნება შეიძლება მოხდეს ნებაყოფლობით ან იძულებითი გაძევების გზით). ამასთან, ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნის გადაწყვეტილებით, მოქალაქეს შესაძლოა შეეზღუდოს შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით.
შეიძლება, თუ არა, რომ უვიზოდ მგზავრობისას ევროკავშირის საზღვარზე ოჯახის (მაგ. 3) წევრიდან რომელიმე არ შეუშვან და რა ხდება ამ შემთხვევაში?
შესაძლებელია ერთ-ერთ ოჯახის წევრს ეთქვას უარი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე. მისი არ შეშვების შემთხვევაში მოუწევს საქართველოში დაბრუნება.
შეძლებენ თუ არა უვიზო მიმოსვლით სარგებლობას სტატუს ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები?
ვერ შეძლებენ.
შეძლებენ თუ არა საქართველოში სტატუსის მქონე ლტოლვილები ან მოქალაქეობის არმქონე პირები ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით?
ამ კატეგორიის პირების მიმართ თითოეული წევრი ქვეყანა ინდივიდუალურად გადაწყვეტს.
შეეხება თუ არა უვიზო რეჟიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში მოიპოვებს/მოპოვებული აქვს ბინადრობის ნებართვა?
არა.
შეეხება თუ არა უვიზო რეჟიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იქნება საქართველოს მოქალაქესთან?
არა.
შესაძლებელი იქნება თუ არა აღნიშნული რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ საზღვრის გადაკვეთა არაბიომეტრიული პასპორტით?
შესაძლებელი იქნება ოღონდ ვიზით.
აქვს თუ არა უფლება სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უარი უთხრას მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაზე?
აქვს თუ წარდგენილია ყალბი ან ძალადაკარგული სამგზავრო დოკუმენტი, არსებობს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება/განჩინება პირის მიერ ქვეყნის დატოვების შეზღუდვის შესახებ, პირი იძებნება და ა.შ.
შესაძლებელი იქნება თუ არა აღნიშნული რეჟიმის ამოქმედების შემდეგ დიდი ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთა ვიზის გარეშე?
არა, ვინაიდან უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება ბრიტანეთსა და ირლანდიაზე.

მომზადებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი