ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვის მრჩეველი: “ფერადი რევოლუციები” არ გვჭირდება

20 მარტი, 2017 • 1538
თიბილოვის მრჩეველი: “ფერადი რევოლუციები” არ გვჭირდება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი, დავით სანაკოევი ედუარდ კოკოითის მხარდამჭერ აქციებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება რევოლუციებს არ დაუშვებს.

“ყველას გვაწუხებს ის, რაც რესპუბლიკაში ხდება.  მთელი ეს წლები ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა სტაბილურობა და სიმშვიდე. ყველა პოლიტიკურმა ძალამ სამხრეთ ოსეთში უნდა გაიაზროს, რომ წინააღმდეგობები უნდა გადაიჭრას კანონის ფარგლებში და რესპუბლიკას არ სჭირდება “ფერადი რევოლუციები”. ყველამ ვიცით, რა მოაქვს მათ”, – აცხადებს დავით სანაკოევი, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოთის 2017 წლის აპრილში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. შესაბამისად, მისი მხარდამჭერები ცხინვალში არასანქცირებული მიტინგებს აწყობენ და პრეზიდენტ თიბილოვის გადადგომას და ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.

2017 წლის 4 მარტს ედუარდ კოკოითის კანდიდატურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ მოტივით მოხსნა, რომ კოკოითი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა. ამასთან, არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთისთვის “ალანიას” დარქმევის საკითხზე 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვიც მონაწილეობს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე, კერძოდ, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურნენ. გარდა ამისა, ოფიციალური განცხადება გააკეთა აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი