ირაკლი შოთაძე

მთავარი პროკურორი: ბევრი პრეტენზია მომისმენია ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, თუ პოლიციელის მხრიდან ე.წ. ნარკოტიკის ჩადების შემთხვევები არსებობს, ამას მტკიცებულებები სჭირდება. როგორ უნდა დაამტკიცოს მოქალაქემ, რომ მას ნარკოტიკული საშუალება “ჩაუდეს”, შოთაძეს არ დაუკონკრეტებია:

“ბევრმა ადამიანმა შეიძლება რაიმე თქვას, არსებობს დაცვის მეთოდიკის სხვადასხვა ფორმა. მათ შორის ბევრი პრეტენზია მომისმენია ჩადებასთან დაკავშირებით, თუმცა, როდესაც არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, იმაზე საუბარი, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არის არასწორი. ყველაფერს სჭირდება შესაბამისი მტკიცებულება, როგორც პიროვნების დაკავებას, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდება, სჭირდება მტკიცებულება მისი დაკავებისა და ბრალის წარდგენისთვის, ასევე, თითოეული პოლიციელის მიმართ, თუ არსებობს შესაბამისი პრეტენზიები მათ მიმართ, რომ განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი ზომები, უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი”,- განაცხადა შოთაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

ბოლო 10 დღის მანძილზე ორი პოლიტიკურად აქტიური ადამიანის შვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი 13 მარტს დააკავეს, რომლის წინააღმდეგაც სსკ-ს 260 მუხლის მიხედვით დაიწყო გამოძიება. კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები მის შვილს ჩაუდეს. პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის, ხატია დეკანოიძის შვილი კი 14 მარტს დააკავეს. მასაც ბრალად ნარკოდანაშაული ედება. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საეჭვოა დროის ასე მოკლე მონაკვეთში პოლიტიკურად აქტიური პირების შვილებსი დაკავება.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილმა ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი პრეზიდენტის ოჯახის  მიმართ რეპრესიებს ემსხვერპლა და ამის გამო ჩაუდეს მას ნარკოტიკული საშუალებები.

ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com