აბესაძე: ვეტომ ნათელი გახადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური პრინციპები დაარღვია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე დადებულმა ვეტომ ნათელი გახადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური პრინციპები დაარღვია.

ირაკლი აბესაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ განუსაზღვრელი გახადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლებლობა უკანონო ფარული მიყურადების მიმართულებით:

“მმართველმა გუნდმა განუსაზღვრელი შესაძლებლობა მიანიჭა სუს-ს ჩვენის ცხოვრებაში ჩასარევად და ფარული მიყურადების საწარმოებლად, რათა შემდგომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერებით მოხდეს ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების შანტაჟი.”

დეპუტატის თქმით, ამ ვერსიის საწინააღმდეგოდ საპარლამენტო უმცირესობა რეალურად დამოუკიდებელი  და საპარლამენტო კონტროლს დაქქვემდებარებული სააგენტოს შექმნას ითხოვდა:

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ვითხოვდით ასეთი სააგენტოს შექმნას და ფარული მიყურადების ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას. “ქართული ოცნება” კი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უკანონო მოსმენების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას აპირებს, რომლის დასრულება ყველას სურს საზოგადოებაში, გარდა ხელისუფლებისა და სუს-ის. ”

ირაკლი აბესაძის განმარტებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, ამ კანონპროექტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ:

“არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ კანონის საკოსნტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების და შემდგომში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.”

საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 20  მარტს მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის  თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.

პარლამენტმა შეცვალა მოსმენების არსებული კანონმდებლობა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

“ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასევე არაკონსტიტუციურია ფარული მოსმენების ის მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ისინი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის ვერსიას განიხილავენ.

ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევდა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.