ანქვაბის დაბრუნება კრემლის დავალებით?

აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის მთავარ შედეგად [35 დეპუტატიდან ჯერ მხოლოდ 12 არის არჩეული] ადგილობრივ პოლიტიკაში ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის დაბრუნებას მოიაზრებენ. თუმცა არჩევნების ამგვარ შეჯამებაში მცირე უზუსტობაც არის დაშვებული: რეალურად, ანქვაბი აფხაზური პოლიტიკიდან არც წასულა. ბევრი საუბარი შეიძლება იმის შესახებაც, თუ როგორი ურთიერთობა აქვს დღესდღეობით ანქვაბს ამა თუ იმ თანამებრძოლთან [ზოგიერთთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუფუჭდა], თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – ოპოზიციონერთა ზურგს უკან ანქვაბის ფიგურა მუდამ რჩებოდა. ის ყოფილი ელიტების რევანშიზმისა და რაულ ხაჯიმბას საწინააღმდეგო პროტესტის სულისჩამდგმელი იყო.

უფრო თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ ალექსანდრ ზალოტინსკოვიჩი დღეს აფხაზეთში იმყოფება. ანქვაბმა, რომელსაც მრავალჯერ დაესხნენ თავს, რესპუბლიკა 2014 წლის მასობრივი პროტესტის შემდეგ დატოვა. რამდენადაც ცნობილია, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე ის რესპუბლიკაში არ დაბრუნებულა. მისმა გარემოცვამ მისი გაქცევა იმით ახსნა, რომ ანქვაბმა მისი ფიზიკური განადგურების არაორაზროვანი მუქარები მიიღო. და რა შეიცვალა? რატომ გადაწყვიტა ექსპრეზიდენტმა თუნდაც დაცვის თანხლებით უკან დაბრუნება და არჩევნებზე კანდიდატურის წარმოდგენა?

მისი მოწინააღმდეგები პირდაპირ ამბობენ, რომ ანქვაბმა უსაფრთხოების გარანტიები, დაცვასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებისგანაც მიიღო. ამ საუბრებში ცეცხლზე ნავთი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა Sputnik.Абхазия-ს საშუალებით დაასხა: “ის, რომ პარლამენტში ოპოზიციის ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები აირჩიეს, როგორც დმიტრი დბარი და ალექსანდრ ანქვაბი არიან, კარგის ნიშანია და ასახავს ოპოზიციის განწყობას, პოლიტიკური წინააღმდეგობები გადაჭრას არა ქუჩური გამოსვლებით, არამედ დემოკრატიული პროცედურების საშუალებით”.

სურკოვის ეს განცხადება აფხაზეთში ზოგიერთმა შეაფასა როგორც პირდაპირი მინიშნება, რომ კრემლი უკმაყოფილოა რესპუბლიკის მოქმედი ხელისუფლებით, რაც რუსეთის მიერ ანქვაბის მხარდაჭერის პირველი სიგნალია. ასეთი დასკვნის გამოტანას პირადად მე არ ვიჩქარებდი, რამდენადაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

მოდით, ჯერ კრემლის უკმაყოფილების საკითხი განვიხილოთ. ამ თეზისის დამტკიცება საჭირო არ არის, რამდენადაც ჩემ ნაცვლად მთელი ეს სამუშაო წინა კვირაში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა შეასრულა [რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ვლადისლავ სურკოვთან]. აფხაზეთში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოსულმა ზატულინმა  “თავი ვერ შეიკავა” და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ყველა რუსული პრეტენზია გამოთქვა.  ჯერ საინვესტიციო სფეროში აფხაზების შიშებზე საუბრით დაიწყო, – ანუ აფხაზეთი არ უნდა შეეწინააღმდეგოს მიწის ბაზრის ლიბერალიზაციას და სულ ტყუილად არ რთავს უცხოელებს ნებას, რესპუბლიკაში უძრავი ქონება შეიძინონ. შემდეგ ზატულინმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შეთანხმება ხელმოუწერელი დარჩა. ამის გამო თითქმის დაიმუქრა კიდეც, რომ რუსეთიდან აფხაზეთში ტურისტული ნაკადი შემცირდება. ბოლოს პოლიტიკოსი ეთნიკურ რუსებს გამოესარჩლა, რომლებიც, როგორც ირკვევა, აფხაზეთის მეექვსე მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდებიან [რუსულმა თემმა მხოლოდ ორი კანდიდატი წარმოადგინა]. რუსი პოლიტიკოსის აზრით, აფხაზეთის კანონმდებლობამ “რუსებისთვის კვოტები” უნდა გაითვალისწინოს.

ყველა ამ პრეტენზიას აფხაზი კანონმდებლების მხრიდან პასუხი მოჰყვა, რაც პირდაპირ მიუთითებს “სტრატეგიულ პარტნიორთან” გარკვეული წინააღმდეგობების არსებობას.

მეხუთე მოწვევის პარლამენტმა, რომელიც პარლამენტს ტოვებს, ზატულინის განცხადებები შეაფასა როგორც “არაკორექტული”  და პოლიტიკოსს ურჩია, “სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ჩაერიოს”. ამ განცხადებებს რთულია უწოდო დიპლომატიური, თუკი ზატულინის აფხაზეთთან ადრინდელ კავშირებს გავითვალისწინებთ.

კრემლის მიერ ანქვაბისა და ოპოზიციონერთა მხარდაჭერის შესახებ თეზისის დამტკიცება ბევრად რთულია. სურკოვის განცხადება ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციაც შეიძლება ყოფილიყო. საიდუმლო არაა, რომ კრემლს ანქვაბთან საკმაოდ რთული ურთიერთობები ჰქონდა. ეს, ფაქტიურად, უკრაინელი ჰაკერების მიერ გამოქვეყნებულმა მიმოწერამ გამოააშკარავა. აღნიშნულ მიმოწერაში “ანქვაბიტებად” მოიხსენიებენ საკმაოდ დამოუკიდებელ და უკომპრომისო აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფს.

რა თქმა უნდა, ბოლომდე არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ანქვაბი ნამდვილად გავიდა სურკოვთან კონტაქტზე, რათა აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონოდა. ისიც ხომ აშკარაა, რომ 2014 წელს რაულ ხაჯიმბა  რუსეთს არაერთ დათმობაზე წასვლას დაჰპირდა [თუმცა დაპირებები არ შეუსრულებია], რათა “ხელისუფლების ცვლილების” პროცესში რუსეთის მხარდაჭერა უზრუნველეყო. რატომ არ უნდა ეთამაშა იგივე თამაში ანქვაბსაც?!

თუმცა საეჭვოა, რომ რუსეთს ფსონი დაედო ანქვაბზე, რომელიც აფხაზეთში არც ისეთი ძლიერი მოთამაშეა. ექსპრეზიდენტი არ არის ახალგაზრდა [პრეზიდენტად კენჭისყრას ვერ შეძლებს], ბევრი მტერი ჰყავს და ამ ფონზე მისი ტრიუმფალური დაბრუნება საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება. ისევე, როგორც არადამაჯერებელია საუბარი იმის შესახებ, რომ ანქვაბი შესაძლოა პარლამენტის სპიკერად დაინიშნოს – ეს მხოლოდ მის აქტიურ მხარდამჭერებს სჯერათ.

შესაძლოა, რუსეთი ანქვაბს უბრალოდ იყენებს, რათა რიგ საკითხებში ჯიუტი ხაჯიმბა კედელთან მიიმწყვდიონ. გასაგებია, რომ მოსკოვში მცხოვრებ პოლიტიკოსზე გავლენის მოსახდენად კრემლს არაერთი საშუალება აქვს, თუნდაც თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდეს [ანქვაბს].

დღეს აფხაზეთში ბევრი ფიქრობს, რომ მოსკოვი არ ცდილობს ანქვაბის დაბრუნებას, იგი გამოგზავნეს, რათა რესპუბლიკაში შიდა დაპირისპირება გააძლიერონ და მისი გაკონტროლების მიზნით კიდევ უფრო დაასუსტონ მოქმედი ხელისუფლება. 

ამ თეორიას აქვს არსებობის უფლება. თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ აფხაზურ პოლიტიკას თავისი არაპროგოზირებადი ნაბიჯებით “რუსი პარტნიორები” ხშირად მოუქცევია ჩიხში. მოსკოვის მიერ გაწერილი სცენარების შეცვლა ადგილობრივ მსახიობებს კარგად შეუძლიათ.

 

ალექსანდრ ანქვაბი; ფოტო: http://tass.ru/

ალექსანდრ ანქვაბი; ფოტო: http://tass.ru/

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დემის პოლანდოვი არის რადიო "თავისუფლების" პროექტ "ეხო კავკაზას" მთავარი რედაქტორი. ნეტგაზეთისთვის ის რეგულარულად წერს სტატიებს აფხაზეთზე