ახალი ამბები

გარემოვაჭრეებმა თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს

20 მარტი, 2017 • 2126
გარემოვაჭრეებმა თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანილი გარემოვაჭრეები თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

გარემოვაჭრეები დღეს დილიდან მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბნენ და მერიის სახელზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი გეგმავენ მიმართონ ქალაქის მერიას და მოითხოვონ ტერიტორიაზე დახლების დადგმის უფლება.

19 მარტს მერიამ გარემოვაჭრეებს არ მისცა საშუალება, რომ დახლები გაეშალათ და მათი ნივთები წაიღეს იმ მოტივით, რომ გარევაჭრობა კანონსაწინააღდეგოა; ასევე ხელს უშლის მოქალაქეებსა და თბილისის სტუმრებს გადაადგილებაში; გარევაჭრობა იწვევს ანტისანიტარიას და დაუცველია მალფუჭებადი პროდუქტის უსაფრთხოება; იწვევს ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯებას.

გარემოვაჭრეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს 20.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

გარემოვაჭრეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს 20.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აღმაშენებლის გამზრიზე დილიდან მერიის ხედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მორიგეობენ, რათა მოვაჭრეებმა ისევ არ დაიწყონ ტერიტორიის დაკავება.

თბილისის მერია აცხადებს, რომ ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, ამ დროისათვის, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი