ახალი ამბებიეკონომიკა

როგორ აპირებს მთავრობა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას

20 მარტი, 2017 • 9258
როგორ აპირებს მთავრობა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას

სურსათის ეროვნული სააგეტოს უფროსის მოადგილის თქმით, უკვე დაწყებულია მავნებელი მწერის წინააღმდეგ ღონისძიებები, რომელმაც გასულ წელს ქვეყნის სოფლის მეურნეობას რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ზურაბ ლიპარტიას თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან გამკლავებას ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ცდილობს:

ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში მოვიწვიეთ ამერიკის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ხელმძღვანელობს ამერიკაში აღნიშნულ მავნებელთან საწინააღმდეგო პროგრამას  და უშუალოდ საველე პირობებში ახდენს ღონისძიების ორგანიზებას,” – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.

მისი თქმით, 2016 წელს განსაკუთრებული ზიანი მავნებელმა დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, მეთხილეობის სექტორს მიაყენა. ამერიკელი ექსპერტების გამოთვლით, ზარალმა 50 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ღონისძიებების ძირითადი ნაწილი წელს დასავლეთ საქართველოსკენ იქნება მიმართული. ზურაბ ლიპარტიას თქმით, აქცენტი სამეგრელოს, გურიის იმერეთის, სამტრედისა და გალის რეგიონებზე გაკეთდება:

აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანა ფოტო: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ჩამოტანილი იქნება სპეციალური ფერომონები – ხაფანგი, რომელიც საპირისპირო სქესის ინდივიდს იჭერს კონკრეტულად ამ მავნებლის.  თითქმის ყველა სოფელში იქნება ჩამოკიდებული ეს ხაფანგები, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, თუ სად, რა რაოდენობით, რა სიმჭიდროვით არის გავრცელებული ეს მავნებელი დასავლეთ საქართველოში,” – ამბობს ლიპარტია.

მისი თქმით, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ხშირად საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში შედის და გამომდინარე იქიდან, რომ შენობებში ქიმიკატების გამოყენება არ შეიძლება, ძირითადი ღონისძიებები დაიგეგმება მავნებლის იმ ფაზის წინააღმდეგ, რომელიც შხამის მიმართ დიდი მიმღებლობით გამოირჩევა, კერძოდ, მწერის მატლის ფაზა, რომელსაც ის მაის-ივნისში აღწევს.

აზიური ფაროსანა ზამთრის ძილიდან აპრილის ბოლოს გამოდის. მაისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე გამოდის სახლებიდან და ბაღებში კვერცხების დადებას მცენარის ფოთლის ქვედა მხარეს იწყებს. გამოჩეკის შემდეგ კი მატლები იწყებენ მასპინძელი მცენარეების მწვანე ნაწილებით კვებას, რის შედეგადაც კულტურა მნიშვნელოვნად ზიანდება. აზიური ფაროსანა განსაკუთრებით ვაშლის, ატმის, მსხლის, თხილისა და სიმინდის კულტურებს უქმნის საფრთხეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, კამპანიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი მოსახლეობის ინფორმირება იქნება. კერძოდ, ყველა სოფელში, სადაც მავნებლის გავრცელების რისკი არსებობს, დარიგდება შესაბამისი ფლაერები, რათა მწერის შენიშვნისთანავე მოსახლეობა სამინისტროს დაუკავშირდეს და მოხდეს აზიური ფაროსანას გავრცელების აღწერა შემდგომი რეაგირებისთვის.

სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, თუ სამოსახლოში ან ბაღში ფაროსანას შენიშნავენ, ცხელ ხაზზე დარეკონ. სამეგრელოში ცხელი ხაზის ნომერი 16 600-ია, ხოლო გურიაში- 16 006.

აზიური ფაროსანა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში

აზიური ფაროსანა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, საცხოვრებელ სახლში

მასალების გადაბეჭდვის წესი