civilpitch

Civil Pitch – დოკუმენტური ფილმების კონკურსი არასამთარობო ორგანიზაციებისთვის

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CineDOC-Tbilisi, Civil Pitch-ის ფარგლებში, აცხადებს დოკუმენტური ფილმების იდეების კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის.

კონკურსის ორგანიზატორების თქმით, CivilPitch არის ინიციატივა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს საშუალებას აძლევს, იპოვონ დაინტერესებული რეჟისორები/პროდიუსერები და მათი დახმარებით შექმნან დოკუმენტური ფილმები სამოქალაქო საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე.

ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომ განცხადებების, კვლევევისა და პრესკონფერენციების, აქციების, ანგარიშების გარდა სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი გზა გამონახონ.

წელს შერჩეული დოკუმენტური ფილმების იდეის ავტორებს საშუალება მიეცემათ, იმუშაონ რეჟისორებთან, მონაწილეობა მიიღონ ორდღიან ტრენინგში, სადაც ისინი განავითარებენ პროექტებს და პრეზენტაციით წარდგებიან დონორი ორგანიზაციებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე.

Civil Pitch-ის ორგანიზატორებმა რეჟისორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადენლებს კონკურსის პირობები გააცნეს 23.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი

Civil Pitch-ის ორგანიზატორებმა რეჟისორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადენლებს კონკურსის პირობები გააცნეს 23.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი

2017 წელს CivilPitch- ზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული პროექტი:

  • დოკუმენტური კინოპროექტის საუკეთესო პრეზენტაციას გადაეცემა 3000 აშშ დოლარი პროექტის განვითარებისთვის ფონდისგან “ღია საზოგადოება საქარველო”. (კომისია უფლებას იტოვებს, თანხა სრულად გადასცეს ერთ პროექტს ან გაანაწილოს ორ პროექტზე).
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი (ACCESS) მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციასა და რეჟისორს ან/და კრეატიულ პროდიუსერს შორის შემდგარი თანამშრომლობის შედეგად წარმოდგენილ ერთ პროექტს/იდეას შესაბამისი საგრანტო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. გრანტის მოცულობა შეადგენს 10 000 აშშ დოლარს. საგრანტო თანხა უნდა მოხმარდეს შეთანხმებული პროექტის/იდეის განხორციელებას.

ვის შეუძლია მონაწილების მიღება?

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ:

  • ადამიანის უფლებებზე;
  • დემოკრატიის განვითარებაზე;
  • გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • მშვიდობის მშენებლობაზე;
  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე.
  • და სხვა სოციალურად აქტუალურ პრობლემატიკაზე.

“არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად ცდილობენ აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება ადამიანთა უფლებების საკითხებზე და მრავალი მიმართულებით მუშაობენ, რათა არსებული მდგომარეობა რაც შეიძლება ხილული იყოს. ამ მიზნების მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საშუალება არის აუდიო-ვიზუალური მასალა. ეს პროექტი გაძლევთ საშუალებას, რეჟისორების და პროდიუსერების დახმარებით, ისტორიები, რომლებზეც მუშაობთ, გადაიტანოთ დოკუმენტურ ფილმში და გახადოთ ცნობადი ფართო საზოგადობისთვის,” – აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

Civil Pitch 2016 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. კონკურსის შედეგად გამოვლენილმა შვიდმა არასამთავრობო ორგანზიაციამ საკუთარი ფილმის იდეა წარუდგინა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რეჟისორებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელი თამარ გურჩიანი ამბობს, რომ მსგავსი სახის თანამშრომლობა დაეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალი საშუალებებით მიაწვდინონ ხმა აუდიტორიას:

“არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ საქართველოში, მაგრამ ხშირად მათ აკლიათ გამოხატვის და თხრობის ფორმები, ინსტრუმენტები, რომ უფრო დიდ აუდიტორიას მიწვდნენ და მოახდინონ მათზე გავლენა. ძალიან ბევრი კვლევა ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხალხს შორის არის უფსკრული. ისინი დისტანცირებული არიან და ხშირ შემთხვევაში მოწყვეტილი არიან, მათაც კი ვისაც უნდა წარმოადგენდნენ.

დოკუმენტური ფილმების რეჟისორის, მარიამ ჭაჭიას თქმით, ინიციატივა დაეხმარება რეჟისორებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გამონახონ საერთო ენა და სოციალური თემატიკაზე შექმნან ფილმები, რომლებიც არც მხოლოდ ე.წ. “არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების ენაზე” იქნება და არც მხოლოდ ფილმების კრიტიკოსებისთვის. მისი თქმით, პროექტი დაეხმარება მათ იპოვონ ფართო აუდიტორია:

“ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის აქტიურები არიან და რეჟისორები, რომლებიც ასევე სოციალური თემით არიან დაკავებული არანაირად არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს არის ფანტასტიური ინიციატივა, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან ამ ორ ჯგუფს, რომლებსაც ერთი და იგივე მიზანი გვაქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ კვლევები ჩატარებული და რეჟისორის დახმარებით შესაძლებელი ხდება, რომ ამ ყველაფერს უფრო მხატვრული სახე მიეცეს. როდესაც მხოლოდ რეჟისორები ვმუშაობთ სხვადასხვა თემაზე, თითქოს “არტჰაუსი” გამოდის ფილმი და არ არის განკუთვნილი ფართო საზოგადოებისთვის,” – ამბობს დოკუმენტალისტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “თემიდას” აღმასრულებელი დირექტორის, კობა ბიწაძის თქმით, მისი ორგანიზაცია მზად არის მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.

“ჩვენ გვაქვს უკვე ჩვენი იდეა, რომელიც მზად ვართ, რომ შევთავაზოთ ნებისმიერ რეჟისორს, ვინც დაინტერესებული იქნება ჩვენთან ერთად მუშაობით. თემატიკა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი – ლგბტ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და მათი პრობლემები, ამიტომ დარწმუნებლი ვართ, რომ ვიპოვით ჩვენთან მუშაობის მსურველ რეჟისორს. ასევე ჩვენი ორგანიზაციისთვისაც  ამ ფორმით მუშაობა საინტერესოა,” – ამბობს კობა ბიწაძე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შევასონ სარეგისტრაციო ფორმა ინგლისურ ენაზე. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 10 აპრილი. ღონისძიების სამუშაო ენა ასევე იქნება ინგლისური.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ანა ციმინტია : cinedoc.tsimintia@gmail.com (+995 555 12 55 56)
თეონა კუბლაშვილი: civilpitch.tbilisi@gmail.com (+995 595 545 727)

ავტორი