ახალი ამბები

კახიძე: შემაშფოთებელია, რომ შოთაძე მესიჯბოქსს ხელისუფლებისგან იღებს და დაკვეთებს ასრულებს

20 მარტი, 2017 • 1586
კახიძე: შემაშფოთებელია, რომ შოთაძე  მესიჯბოქსს ხელისუფლებისგან იღებს და დაკვეთებს ასრულებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებით. ეს განცხადება დეპუტატმა რუსთავი 2-ის გადაცემა “P.S.” – ში გასული სიუჟეტის შესახებ გააკეთა.

“P.S”-ის ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლება “ქართული ოცნების” დეპუტატებს, მინისტრებსა და მმართველ პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებულ გავლენიანი პირებს დეტალურ მითითებებს აძლევს, თუ რაზე, როგორ და რა ტერმინებით ისაუბრონ. 

ოთარ კახიძის აზრით,  შემაშფოთებელია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება განცხადების ტექსტს საქართველოს მთავარ პროკურორსაც აწვდის:

„ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ რუსთავი ორის საქმის უკან იდგა ხელისუფლება, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ინფორმაციაში გახლავთ ის, რომ პოლიტიკურ დაკვეთებს და მესიჯბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად იღებს საქართველოს მთავარი პროკურორი. კანონის მიხედვით, პროკურატურა არის დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც მთავარი პროკურორი ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, მითითებებს იღებს  ივანიშვილისგან.”

დეპუტატის თქმით,  იმის ნაცვლად, რომ პროკურორმა მოქალაქეები დაიცვას და უზრუნველყოს კანონის უზენასოება, მთავარი პროკუროორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით.

“მინდა განვაცხადო, რომ „მოძრაობა თვაისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა მთავარი პროკურორის გადაყენების თაობაზე კვლავ ძალაშია და ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დაუშვებელია, საქართველოს მთავარი პროკურორი პირდაპირ და ღიად ასრულებდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს,” – აღნიშნავს კახიძე.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამ შეეჩერებინა, სანამ ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი