ახალი ამბებიეკონომიკა

გალარების პროგრამით 5092-მა ადამიანმა ისარგებლა

20 მარტი, 2017 • 2219
გალარების პროგრამით 5092-მა ადამიანმა ისარგებლა

საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, გალარების პროგრამით 2 თვეში 5092-მა მსესხებელმა (სრული რაოდენობის 19%) ისარგებლა, რის შედეგადაც, ჯამში, 71 მილიონი დოლარი გალარდა.

დღეს ბანკების ასოციაციის აღმასრულებლმა დირექტორმა გალარების პროგრამის შედეგების შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს ალტერნატივა გაუჩნდათ:

“ვინც ვერ გაალარა, ეს არის მისი არჩევანია. ჩემი აზრით, არ უნდა გაგრძელდეს გალარების პროგრამა იმიტომ, რომ 2 თვე საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.”

ცუცქირიძის განცხადებით, გალარების პროგრამის დასაწყისში აქტივობა ნაკლები იყო, 25 თებერვლიდან მოიმატა, ხოლო პროგრამის დასრულებამდე 4 დღით ადრე გალარების მსურველთა რიცხვი უკვე ძალიან მაღალი იყო – 1250 მსესხებელი: “საუბარი იმაზე, რომ პროგრამა ჩავარდა და იყო კოლაფსი, არასწორია. მოლოდინი იმისა, რომ ყველა მსესხებელი გაალარებდა სესხს, არ ყოფილა.”

მისი თქმით, ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს ამ პროგრამით ბანკებმა ისარგებლეს და არა მომხმარებლებმა, ასევე არასწორია. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა მთელი ეს პროცესი დადებითად შეაფასა და მედიას, ბანკებს და ეროვნულ ბანკს ჩატარებული საინფორმაციო კამპანიისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ლარიზაციის პროცესში გალარების პროგრამა პოზიტიური როლის შემსრულებელი იყო.

 

გიორგი ცუცქირიძე, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

გიორგი ცუცქირიძე, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

 

შეგახსენებთ, რომ სესხების გალარების სამთავრობო პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 17 მარტს დასრულდა.

ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლოთ იმ პირებს, ვისაც 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში ჰქონდათ აღებული იპოთეკური სესხი და მისი მოცულობა გალარების პერიოდისთვის არ აღემატებოდა 100 ათას აშშ დოლარს. სესხების გალარება შესაძლებელი იყო იმ დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრით. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდებოდა 2.3 კურსით. თუმცა სესხის საპროცენტო განაკვეთი თუკი დოლარში იყო დაახლოებით 7.5%, ლარში გადადიოდა 9.75%-ში. კურსთაშორის სხვაობას სახელმწიფო ბიუჯეტიდანა ფინანსებდება.

პროგრამის დაწყებამდე ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებდა, რომ გალარების პროგრამა დაახლოებით 27,000 ფიზიკურ პირს შეეხებოდა.

მთავრობამ 65 მილიონი ლარი გამოყო მოქალაქეთა ნაწილის მიერ დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციის დროს 20-პუნქტიანი სხვაობის დასაფარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი