ახალი ამბები

საია მზადაა, გარემოვაჭრეებს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს

20 მარტი, 2017 • 2017
საია მზადაა, გარემოვაჭრეებს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადაა, გარემოვაჭრეებს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“გუშინ თბილისის მერიამ „უნებართვო გარე ვაჭრობის“ წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. მნიშვნელოვანია, თბილისის მერიის წარმომადგენელთა მიერ გარე ვაჭრობის აღკვეთის დროს დაცულ იქნას მოვაჭრეთა უფლებები და გათვალისწინებულ იქნას მათი უმძიმესი სოციალური მდგომარეობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადაა, გარემოვაჭრეებს აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება.

შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, თუმცა იმავე კოდექსში წერია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს არა ყოველგვარი გარე ვაჭრობა, არამედ აღნიშნული ქმედება “შესაბამისი ნებართვის გარეშე”. თბილისის საკრებულოს დადგენილება კი არ განსაზღვრავს ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და განმახორციელებელ სუბიექტებს. საქართველოში დღეს მოქმედი რეგულაციები აღნიშნულ საკითხს საერთოდ არ არეგულირებს”, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშულია, რომ გარევაჭრობის ნებართვის მარეგულირებელი ნორმების არარსებობა შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს მისი შერჩევითი აღკვეთა.

“მოვაჭრეთა საქმიანობა კი მხოლოდ გარკვეული თანამდებობის პირთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული”.

19 მარტს მერიამ გარემოვაჭრეებს არ მისცა საშუალება, რომ დახლები გაეშალათ და მათი ნივთები წაიღეს იმ მოტივით, რომ “გარევაჭრობა კანონსაწინააღმდეგოა, ასევე ხელს უშლის მოქალაქეებსა და თბილისის სტუმრებს გადაადგილებაში; გარევაჭრობა იწვევს ანტისანიტარიას და დაუცველია მალფუჭებადი პროდუქტის უსაფრთხოება; იწვევს ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯებას”. გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ მათი ნივთები ისე წაიღეს, რომ წინასწარ არც გაუფრთხილებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი