ენერგეტიკის მინიტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კალაძის თქმით, ქართულ ოცნებას თბილისის მერობის კანდიდატი ჯერ არ შეურჩევია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემა “რეაქციაში” ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ხომ არ დააყენებს პარტია “ქართული ოცნება” მის კანდიდატურის თბილისის მერის არჩევნებში უპასუხა, რომ გუნდი ამაზე ჯერ არ უმსჯელიათ:

“ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დრო არის დარჩენილი. გუნდში მსჯელობა არ ყოფილა კანდიდატურასთან დაკავშირებით. თუმცა, მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მაქვს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა, ვარ ვიცე პრემირი, ვარ ენერგეტიკის მინისტრი, ვარ ასევე პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი. და კონკრეტული დარგი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ – ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ.

თუ რა იქნება მომავალში, თუ ვინ იქნება კანდიდატად წარმოდგენილი, ეს აუცილებად უახლოეს მომავალში, როდესაც გუნდში მსჯელობა იქნება, გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. მე პირადად რაც შემეხება, მაქსიმალურად მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვიმოქმედო. ჩემთვის თანამდებობა არასოდეს ყოფილა პირველი და მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის მთავარია იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ჩვენ დავისახეთ.

ჯერ გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება ეს საკითხი წამოიწიოს. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველი მე ვიქნები ვინც ამას გაცნობებთ და გააჟღერებს,”- განაცხადა კალაძემ.

თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომით არის დაგეგმილი.

ავტორი