ახალი ამბები

თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონის ცხოველები იქნებიან

17 მარტი, 2017 • 3378
თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონის ცხოველები იქნებიან

თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ორი ვოლიერის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება. ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები _ დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები იქნებიან. ვოლიერები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით შენდება. მიმდინარე წელს ზოოპარკის ბიუჯეტში გათვალისწინებული 345 ათასი ლარით დამატებით კიდევ რამდენიმე ვოლიერი აშენდება.

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად მზადდება ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის, ზონირებისა და ვოლიერების დეტალური გეგმა.

“შემუშავებულ კონცეფციას თბილისის ზოოპარკი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად დაფინანსებისთვის წარუდგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს. ახალი ზოოპარკის მშენებლობის ვადები თანხების მოძიებაზეა დამოკიდებული. ზოოპარკის დასრულებისთვის დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. აუცილებელი ფინანსების მოსაზიდად გრძელდება მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან.”

irmebisa da niamorebis volieri 1

მათივე განცხადებით,  ზოოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან მიმსგავსებული ვოლიერების დიდი ნაწილი თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება.

„ახალი ზოოპარკის კონცეფცია ძველისგან სრულიად განსხვავებულია. ტერიტორია დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით _ აზიის ტროპიკები, აფრიკის სავანა, სამხრეთ ამერიკის ჯუნგლები და სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავკასიური ფაუნის ექსპოზიცია. მსოფლიოს არც ერთ ზოოპარკში არაა სრულყოფილად წარმოდგენილი ჩვენი რეგიონის კოლექცია. ჩვენი სურვილია, შევავსოთ ეს დანაკლისი და დამთვალიერებლის ყურადღება მივაპყროთ კავკასიის ფაუნის უნიკალურ წარმომადგენლებს, რომელთაგან ბევრი გადაშენების პირასაა. ახალ ტერიტორიაზე განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი ადგილობრივი სახეობების _ კეთილშობილი ირმისა და ნიამორის კონსერვაციის მიმართულებითაც“, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

unnamed

ვიზიტორები ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრების მონახულებას ვოლიერების დასრულებისთანავე შეძლებენ. ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი