52 მილიონი ლარი ორბელიანის მოედნის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციისთვის

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარია გამოყოფილი გრიგოლ ორბელიანის მოედნის ნაწილის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიის განახლებისათვის.

საქართველოს მთვრობამ 6 მარტს გასცა განკარგულება, რომ ამ სამუშაოების შესრულებისთვის თბილისის განვითარების ფონდს, რომელიც აწარმოებს რეაბილიტაციას, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

თბილისის განვითარების ფონდი აცხადებს, რომ ჯერ დაზუსტებული არაა კონკრეტულად, როგორ წარიმართება რეაბილიტაცია.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ტენდერი ათონელის, ფხოვის, სობჩაკის, ფურცელაძის, თაბუკაშვილის ქუჩების ნაწილისა და ორბელიანების მოედნის ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების და კეთილმოწყობის პროექტის მომზადებაზე. ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ “არქიტექტურის ლაბორატორია #3” მიიღო მონაწილეობა და მანვე გაიმარჯვა, რომელსაც მერიამ უნდა გადაუხადოს 118 000 ლარი.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია

საპროექტო დოკუმენტის მიხედვით, რეაბილიტაციის მიზანი დიდ ტურისტულ მარშრუტში ურბანულად სწორად გადაწყვეტილი კარგად ორგანიზებული თანამედროვე დიზაინის ადაპტირებული, მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა, კომერციულად მიმზიდველი გარემოს შექმნაა.

საპროექტო დავალების საფუძველზე უნდა მომზადდეს ისეთი პროექტი, რომელიც ამ ადგილას მცხოვრებ და ყველა ტიპის სტუმარს ცხოვრების, დასვენების, გართობისა და გადაადგილებისთვის საუკეთესო საშუალებას მისცემს. სობჩაკისა და ფხოვის ქუჩები იქნება ქვეითად მოსიარულეებისათვის.

საპროექტო დავალების მიხედვით, უნდა გაუმჯობესდეს ამ ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა, მაქსიმალურად გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა, ქალაქის ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, იგი უნდა იყოს სივრცე ყველასთვის, უნდა იყოს მიმზიდველი გარემო დასვენებისთვის და უნდა იყოს ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის.

პროექტის ავტორებმა უნდა მოძებნონ გამოსავალი, რათა ეს ტერიტორია მაქსიმალურად გათავისუფლდეს ავტომობილების მოძრაობისგან, შენარჩუნდეს მწვანე საფარი, საფეხმავლო და მწვანე ზოლებში გაჩნდეს ორგანიზებული კომერციული წერტილები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com