ახალი ამბები

ომბუდსმენი პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის მხოლოდ ერთხელ არჩევას მხარს არ უჭერს

17 მარტი, 2017 • 2566
ომბუდსმენი პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის მხოლოდ ერთხელ არჩევას მხარს არ უჭერს

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი ეკა ფოფხაძე აცხადებს, რომ ომბუდსმენისთვის მიუღებელია საკონსტიტუციო კომისიისთვის წარდგენილი წინადადება ომბუდსმენის მხოლოდ ერთი ვადით არჩევისა და მის არჩევაში საპარლამენტო უმცირესობის სავალდებულო მონაწილეობის შესახებ.

ეს განცხადება ეკა ფოფხაძემ დღეს, 17 მარტს პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშრებით, ის, რაც შემოთავაზებულია, ცვლილების სახით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. ჩვენ მოვიძიეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება და უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლეს ქვეყანაში სახალხო დამცველის არჩევა ხდება ორი ვადით და მხოლოდ გამონაკლისი რამდენიმე ქვეყანაა, სადაც სახალხო დამცველის არჩევა ხდება ერთი ვადით. ამ შემთხვევაში, ვადა არა 5 წელი, არამედ – 7, 8 და ზოგ შემთხვევაში 10 წელი,”- აცხადებს ეკა ფოფხაძე.

ამ ცვლილების ინიციატორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ  დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელის მხოლოდ ერთი ვადით არჩევის შესაძლებლობა მისი დამოუკიდებლობის გარანტიაა. მენაბდე ფიქრობს, რომ თუკი ერთი ვადით არჩევაზე იქნება საუბარი, მაშინ, შესაძლოა, უფლებამოსილების ვადა 6-7 წლამდე გაიზარდოს.

“ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს ასეთი რეგულირება, რომ არ შეიძლება, მეორედ დაინიშნოს პირი. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც არსებობს მეორედ დანიშვნის შანსი დამოუკიდებელი თანამდებობის პირის, არსებობს საფრთხე, რომ ეს პირი მოიქცევა ისე, რომ ასიამოვნოს იმ ორგანოს, ვისაც მისი მეორედ დანიშვნის უფლება აქვს. დამოუკიდებლობის გარანტიაა, რომ დიდი ვადით, მაგრამ ერთხელ დაინიშნოს,”- ამბობს მენაბდე.

ომბუდსმენი ასევე არ ეთანხმება ვახუშტი მენაბდის კიდევ ერთ წინადადებას, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველის არჩევის პროცესში აუცილებელი იქნება საპარლამენტო უმცირესობის ჩართვა.

“დღეს, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ყველა მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ირჩევა პარლამენტის მიერ, ირჩევა უმრავლესობით და იქ უმცირესობის მონაწილეობა არ არის გათვალისწინებული. სახალხო დამცველის პოზიციაა, რომ ამ შემთხვევაში, გამონაკლისის დადგენას სჭირდება უფრო მეტი დასაბუთება, თუ რატომ უნდა იყოს სახალხო დამცველი, როგორც გამონაკლისი თანამდებობის პირი, რომლის არჩევის შემთხვევაში აუცილებელი იქნება უმცირესობის მონაწილეობაც,”- განაცხადა ეკა ფოფხაძემ.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი