ახალი ამბები

დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადებას მხარი ჯანდაცვის კომიტეტმაც დაუჭირა

17 მარტი, 2017 • 2912
დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადებას მხარი ჯანდაცვის კომიტეტმაც დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 12 აგვისტოს “საქართველოს დიდი გამარჯვების” დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, 12 აგვისტოს უქმედ დღედ დანიშვნა სამშობლოს გაფერმკრთალებული განცდის გაღვივებისთვის, ასევე მუხტის შესაძენად არის საჭირო. დეპუტატის თქმით, როცა უქმე დღეების სიმრავლეზეა ლაპარაკი, არა დიდგორზე, არამედ სხვა თარიღებზე უნდა იყოს აქცენტი:

“რელიგიური დღესასწაულები დასვენების დღედ არის გამოცხადებული. რელიგიური დღესასწაული ბოლო-ბოლო სამსახურის შემდეგ შეგიძლია აღნიშნო. არის დღეები, რომლებიც საერთოდ არ ითვალისწინებს ღონისძიებებს და თუ გინდა იქეიფებ, თუ გინდა – არ იქეიფებ. ქალების ორი დღე, 8  მარტი და 3 მარტი. ქალბატონების წინააღმდეგი არაფერში ვარ, მაგრამ ესეც ხომ ვიცით, როგორ მოხდა?! 8 მარტი გააუქმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ და 3 მარტი შემოიტანა. ედუარდ შევარდნაძის დროს 3 მარტი ვერ გააუქმეს და 8 მარტი მიამატეს. ამ უქმე დღეების გადახედვა შეიძლება,” – ამბობს ქანთარია და აღნიშნავს, რომ ის ცენზორი არ არის და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რომელი დღეები უნდა იყოს უქმე.

ქანთარიას მოსაზრება საქართველოში არსებულ უქმე დღეებზე ასეთია:

“არ მგონია, ვინმემ დამწამოს, რომ რელიგიური არ ვარ.  1 და 2 იანვარი უნდა დარჩეს უქმედ, ასევე ქრისტესშობა. 19 იანვარი – ნათლისღება დიდი რელიგიური დღესასწაულია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ 1, 2, 7 იანვარი სულ დასვენებებია. 3 მარტი – დედის დღე, რა ჯობია, მაგრამ მამის დღემ რა დააშავა? მამა ნაკლებად ის არის…? ისე, რომ თქვას კაცმა. ხომ შეიძლება 3 და 8 მარტის კომბინირება ერთ უქმე დღედ? ახლა, მე არ გამომიყვანო ამის ცენზორად, ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.  9 აპრილი უქმე უნდა იყოს. სააღდგომო დღეებიც. 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე – ალბათ სიმბოლურად უნდა იყოს, მაგრამ ფაქტობრივად აღარ არის ეს ხალხი, ვინც მონაწილეობდა.

12 მაისი არის  საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე. ვინმე რომ გავაჩეროთ და ვკითხოთ რატომ ვისვენებთ ამ დღეს, ალბათ ძალიან რელიგიური უნდა იყოს, რომ იცოდეს. 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უქმე უნდა იყოს, 28 აგვისტო – მარიამობა უქმე უნდა იყოს, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე –  არ ვიცი, შეიძლება იყოს.  23 ნოემბერი – გიორგობის დღე, კი, მესმის, რომ ჩვენთვის წმინდა გიორგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ჩამონათვალს ჭირდება ცივად, ნორმალურად, რეალურად, ადამიანურად, სახელმწიფოებრივად გადახედვა. ”

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დიდგორობა სახალხო დღესასწაული იყოს და არა რიგითი დასვენების დღე:

“ეს დღე უნდა იყოს დამუხტული და ღონისძიებებით დახუნძლული.  შესაბამისი სამოსით იყოს აღლუმი, რომლის მონაწილეობა იქნება საპატიო. უნდა იყოს თანამედროვე, საჩვენებელი სამხედრო კომპონენტი, უფრო სანახაობითი, ვიდრე მილიტარისტული. ვფიქრობ, რომ იყოს ცხენების ერთკვირიანი მარათონი. მე რეჟისორის თვალით გეუბნებით. ევროპაში არის ასეთი მარათონები. შესვენებებია, კონცერტებია, იქ ვაჭრობა მიდის. ისეთი ღონისძიება უნდა გავაკეთოთ, რომ ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იყოს იმ დროს ჩამოსვლა.”

დეპუტატის აზრით, ასეთი დღე ევროპისთვის საჩვენებლადაც გვჭირდება:

“აქ იყო პირველი ერთგვარი ნატო. დიდგორის ბრძოლაში გვერდში გვედგნენ ევროპელი ჯვაროსნები, ამის წამოწევა გვინდა. ოსები იყვნენ იქ. პოლიტიკურად ააწევი თემებია. უნდა გაგვიჩნდეს მუხტი, რომ ასეთი დღე გვქონდა და არა დიდგორის ველზე შეკრება, ყვავილების მიტანა, ტაში-ტუში, ერთი ორი დოლის დაკვრა და დასრულება.”

15 მარტს კანონპროექტს მხარი განათლების კომიტეტმაც დაუჭირა. შესაბამისად, ინიციატივას პარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

“შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 ივლისისა და შემდგომ ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს და დაამტკიცოს 12 აგვისტო – „საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით.

“გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების – 12 აგვისტოს – უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებას და განმტკიცებას,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებული უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. კოდექსის მიხედვით, უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი