ახალი ამბები

ნარჩემაშვილი: ომბუდსმენის არჩევის წესზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის

17 მარტი, 2017 • 1350
ნარჩემაშვილი: ომბუდსმენის არჩევის წესზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში” ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის.

ეს განცხადება კობა ნარჩემაშვილმა დღეს, 17 მარტს პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ნარჩემაშვილის თქმით, სავარაუდოდ, სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა იგივე დარჩება.

“არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშრებით. პრინციპში, ვადასთან დაკავშირებით ვართ იმაზე შეთანხმებული, რომ უნდა დარჩეს ის ვადა, რომელი ვადაც არის, თუმცა არის სხვა მოსაზრებებიც. ჯერ რაიმე გამოკვეთილი, მყარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ არის. ყოველ შემთხვევაში, არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ადამიანის უფლებების და თვით სახალხო დამცველის აღიარებული უფლებების საწინააღმდეგოდ,”- განაცხადა ნარჩემაშვილმა.

სახალხო დამცველს ხუთი წლის ვადით საქართველოს პარლამენტი ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით.

საკონსტიტუციო კომისიის წევრმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ უნდა იყოს შემუშავებული ისეთ მოდელი, რომელიც ომბუდსმენის არჩევის პროცესში საპარლამენტო უმცირესობასაც ჩართავს.

“რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მე ვემხრობი იმას, რომლის მიხედვითაც, კონსენსუსზე ორიენტირებული პროცედურით უნდა მოხდეს მისი თანამდებობაზე გამწესება. ასევე, დამოუკიდებლობის გარანტიები უნდა გაიზარდოს საბიუჯეტო თვალსაზრისით და სახალხო დამცველის ეფექტურობა, კონსტიტუციაში, ვფიქრობ, უნდა დაფიქსირდეს, რათა, მას შემდეგ კანონმდებლობით მიეცეს შესაძლებლობა, რეალური პოლიტიკა გაატაროს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. დღეს უმრავლესობით აირჩევა სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის არჩევის იმგვარი წესი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომელიც, პროცესში ჩართავს უმცირესობის წარმომადგენლებსაც,”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი