ახალი ამბები

ხუციშვილი: უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ჩვენი მესაზღვრეები მოქალაქეებს საჭირო დოკუმენტებს შეუმოწმებენ

17 მარტი, 2017 • 2128
ხუციშვილი: უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ჩვენი მესაზღვრეები მოქალაქეებს საჭირო დოკუმენტებს შეუმოწმებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტებს შეუმოწმებენ და თუ რომელიმე დოკუმენტი წესრიგში არ ექნებათ, ურჩევენ, რომ ევროპაში არ გაფრინდნენ. ამის შესახებ მან პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

შალვა ხუციშვილის თქმით, შს სამინისტრომ ტრენინგის პროგრამა ევროინტეგრაციის მინისტრის აპარატთან ერთად მოამზადა. მისივე განმარტებით, მესაზღვრეების უმრავლესობა უკვე დატრენინგებულია:

“მესაზღვრე დეტალურად შეუმოწმებს მოქალაქეს ინფორმაციას, თუ რა საბუთები სჭირდება, რომ შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლის პრობლემა არ შეექმნას. თუ რომელიმე დოკუმენტი არ ექნება მოქალაქეს, მესაზღვრე გააფრთხილებს, რომ მის წასვლას აზრი არ აქვს, რადგან ქვეყანაში არ შეუშვებენ და  ვურჩევთ, რომ საბუთები მოაწესრიგონ.  თუმცა, საზღვარზე არავის დაკავება მოხდება. ყველას აქვს უფლება იმოგზაუროს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას.”

შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირის წევრ 16 ქვეყანასთან აქვს პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობის ხელშეკრულება, უახლოეს პერიოდში კი – ევროპოლთანაც გააფორმებს:

“იმ ქვეყნებში, რომლებშიც ჩვენი მოქალაქეები ხშირად დადიან, ან იქ ცხოვრობენ, გვყავს პოლიციის ატაშე. საპოლიცო თანამშრომლბოა მაქსიმალურად დალაგებულია. ამის გარდა, აპრილის დასაწყისში ევროპოლთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას და ჩვენ გვექნება დამატებითი საინფორმაციო არხი ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებთან, სადაც ატაშე არ გვყავს.”

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ხელისუფლება მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს:

“მოქალაქეებს ტელევიზიით, რადიოთი და ბეჭდური მედიით ვაწოდებთ ინფორმაციას, ასევე გარე რეკლამებით. სტრატეგიული კომუნიკაცია გვაქვს დაწყებული  მოსახლეობასთან. მიზანი არა მარტო დეტალებზე ინფორმირება არის, არამედ ევროატლანტიკური სივრცის პოპულარობის გაზრდა. ”
________________________________________________________________

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 28 მარტიდან ამოქმედდება, რის შემდეგაც ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეეძლებათ შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლმა 1 მარტს, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების და შეჩერების მექანიზმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას ხელი მოაწერეს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი სავარაუდოდ, 28 მარტიდან შევა ძალაში.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი