ახალი ამბებიეკონომიკა

ქუმსიშვილი: ‘ევროპული საქართველოს’ პროექტით 1.5 მლრდ ლარი დააკლდება ბიუჯეტს 2018 წელს

17 მარტი, 2017 • 2020
ქუმსიშვილი: ‘ევროპული საქართველოს’ პროექტით 1.5 მლრდ ლარი დააკლდება ბიუჯეტს 2018 წელს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ინიციატივას გადასახადების შემცირებისა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცის შესახებ.

“ჩვენი ფისკალური გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი ჯერ კიდევ წინა წლის ბოლოს, ითვალისწინებს იმას, რომ 26.5%-დან მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 21.5% უნდა დავიდეს მიმდინარე ხარჯები 2020 წლისთვის. ამავდროულად უნდა გაიზარდოს ინვესტიციები კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით.

წარმოდგენილი პროექტი, რასაც ზედაპირულად გადავხედე, ნიშნავს იმას, რომ სადღაც მილიარდ-ნახევარი ლარი დააკლდება ბიუჯეტს 2018 წელს, რომლის კონპენსაციის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, ეს ნიშნავს იმას, რომ საჯარო სექტორში 80%-ით უნდა შემცირდეს ხელფასები, როგორც ჯარში, ისე პოლიციაში და აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ან მაგალითად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მთლიანად გავანულოთ პენსიები. ან ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შევწყვიტოთ უნივერსალური ჯანდაცვა და ყველა სოციალური დახმარება, რაც რა თქმა უნდა, შეუძლებელია”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე შეთანხმებული გეგმის თანახმად, მიმდინარე ხარჯები შემცირდება 26.5%-დან 21.5%-მდე. ხოლო 2018 წლისთვის იგი შეადგენს მშპ-ს 23.5%-ს.

“მეორე მიმართულება ამის კონპენსირების არის, რომ შევწყვიტოთ საინვესტიციო პროექტები. რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს დაგეგმილი, უნდა შემცირდეს 40%-ით. მაგალითად, არ უნდა აშენდეს თბილისი-ბათუმის მაგისტრალი, ან მისი მშენებლობა უნდა გადაიდოს 5-8 წლით, არ ვიცი ზუსტად…

ოპოზიციის მხრიდან ადვილია მსგავსი განცხადებების გაკეთება, მაგრამ სოციალურად პასუხისმგებლიანი მთავრობისთვის, მთავრობისთვის, რომელიც ზრუნავს, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური ზრდა – ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი,” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

“ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2 ძირითად პრინციპს – გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა. პროგრამის 7 პუნქტი გულისხმობს, რომ:

• ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრდეს;
• დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს; ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ;
• უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს;
• საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან – 15%-მდე, 2019 წლიდან – 12.5%-მდე, 2020 წლიდან – 10%-მდე;
• განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე;
• იმპორტის გადასახადი გაუქმდეს;
• საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს.

,,ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება შეღავათს მისცემს ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილ საწარმოს, აგრეთვე, გარე მოვაჭრეებს და, ჯამში, შედეგად მოგცემს:

• ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას
• სამუშაო ადგილების შექმნას
•კეთილდღეობის ზრდას

მასალების გადაბეჭდვის წესი