ახალი ამბები

ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები 19 მარტს აქციას გამართავენ

17 მარტი, 2017 • 1752
ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები 19 მარტს აქციას გამართავენ

სავაჭრო სახლ “ბავშვთა სამყაროს” დაწვის შედეგად დაზარალებულები კვირას, 19 მარტს პარლამენტის ყოფილ შენობასთან კომპენსაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავენ. სავაჭრო სახლის დაწვიდან თვეზე მეტი გავიდა მოვაჭრეები კი კომპენსაციის მიღებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან.

მათმა წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან, ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც. თუმცა, დაპირება, რომ კომპენსაციის სახით ზარალის ნაწილს მიანც აუნაზღაურებდნენ, ვერავისგან მიიღეს:

“ამხელა უბედურება დატრიალდა, ამდენი ხალხი ულუკმაპუროდ დავრჩით. 29-მდე ყველაფერი გვქონდა, 30-ში დავრჩით ულუკმაპუროდ და ამხელა უბედურება რომ დატრიალდა – არავის ევალება, რომ დაგვეხმარონ? არ არის სარეზერვო ფონდი, რომ ეს ხალხი დააკმაყოფილონ?” – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ჯული ელიავა.

დაზარალებულების თქმით, კვირას დაგეგმილ აქციაზე კიდევ ერთხელ შეეცდებიან ქვეყნის მმართველ ორგანოებს ხმა მიაწვდინონ და აქციაზე შეერთების მოწოდებით, რუსთაველის გამზირზე ფლაერები დაარიგეს:

“ჩვენ  ვითხოვთ მთავრობისგან კოპენსაციას და რაც შეიძლება სწრაფად. არ უნდა ამას ათასი მიზეზი. ჩვენ თუ ვინმეს ფული გვქონდა, ის ფულიც კი იქ გვქონდა, ის ფულიც იქ ჩაგვეწვა. მოვითხოვთ ყველანაირ ყურადღებს. დღემდე არ გვაქვს დაზარალებულის სტატუსი მონიჭებული, დღემდე ველოდებით, რომ ვიღაცა რამით დაგვეხმარება. ჩვენ არ დავიშლებით მთელი წელიც რომ გაგრძელდეს ასე,” – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ნესტან ქოჩორაშვილი.

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების აქცია 17.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების აქცია 17.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ბავშვთა სამყაროს” შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

“ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა. ისინი, სახელმწიფოსგან თავდაპირველად ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას ითხოვენ, 5000 ლარის ოდენობით მაინც, რათა ამ თანხით საქმიანობის ხელახლა დაწყება შეძლონ. შემდეგ კი იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო ზარალის დარჩენილ ნაწილსაც აანაზღაურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი