ახალი ამბები

რაგბის ახალი კალენდრის მიხედვით საქართველო “ოლ ბლექსთან” და სხვა გრანდებთან ითამაშებს

17 მარტი, 2017 • 3417
რაგბის ახალი კალენდრის მიხედვით საქართველო “ოლ ბლექსთან” და სხვა გრანდებთან ითამაშებს

‘მსოფლიო რაგბმა’ დაამტკიცა 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი, რომლის მიხედვითაც საქართველოს და დანარჩენ მეორე დონის გუნდებს გრანდების წინააღმდეგ მეტი ტესტის გამართვისა და რაც მთავარია, მათი მასპინძლობის შესაძლებლობა ეძლევათ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირში ავრცელებს.

“ახალი კალენდარი დღეს მსოფლიო რაგბის აღმსრულებელმა კომიტეტმა  დაამტკიცა.

 ახალი 2020-32 წლების კალენდარი ადგენს ახალ სტანდარტებს და მასში პრიორიტეტი ინეჭება დასვენების გაზრდილ პერიოდსა და უფრო სამართლიანად განაწილებულ ტესტებს მზარდი სარაგბო ქვეყნებისთვის”, – ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

ახალ კალენდარში შენარჩუნებულია სამივე საერთაშორისო სანაკრებო ფანჯარა. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ ზაფხულობით ტესტები ივნისის ნაცვლად ივლისში გაიმართება. ეს ‘ზე რაგბის’ სეზონის შეუჩერებლივ ჩატარების შესაძლებლობას წარმოადგენს, რის შედეგადაც ‘სანზაარის’ (ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთი აფრიკისა და არგენტინის გაერთიანება, რომელიც ‘ზე რაგბის’ მმართველი ორგანოცაა) ნაკრებებს ივლისის ტესტებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო მიეცემათ.

  • ივლისის ტესტები თვის საწყის სამ კვირაზე გადანაწილდება და მოიცავს სამ ტესტს (გარდა მსოფლიო თასის შემდგომ წლისა, როდესაც ‘სანზაარის’  კავშირები 2 ტესტიან სერიას გამართავენ)
  • ნოემბრის ტესტები ერთი კვირით წინ გადაიწევს და თვის პირველ სამ კვირას მოიცავს

გაზრდილი შესაძლებლობები მზარდი ნაკრებებისთვის

“რაგბი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეთა, ქომაგთა და კომერციული შესაძლებლობების სახით მნიშვნელოვან ზრდას განიცდის. ამის გათვალისწინებით, ოკეანეთის, იაპონიის, აშშ-ს, კანადის, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებისთვის უპრეცენდენტო სამატჩო შესაძლებლობების მიცემით, ახალი განრიგი მიზნად ისახავს  საერთაშორისო რაგბის კონკურენტუნარიანობის მეტად გაზრდას.

ამ ნაკრებებს ივლისისა და ნოემბრის ტესტ ფანჯრებში მიეცემათ ‘სანზაარისა’ და ‘6 ერის’ გუნდების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა”, – ვკითხულობთ რაგბის ნაკრების განცხადებაში.

ახალი ზელანდიის რაგბის ბოსმა სტივ ტიუმ Radio Sport Breakfast-ს განუცხადა, ეს ნიშნავს მაგალითად იმას, რომ ოლ ბლექსი (ახალი ზელანდია) საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს, შესაძლოა თბილისშიც.

  • ახალი კალენდრით გათვალისწინებულ პერიოდში პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის, მინიმუმ 110 მატჩი გაიმართება, რაც ადრინდელ განრიგთან შედარებით 39 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს;
  • ‘სანზაარის’ ქვეყნები ივლისში მეორე დონის ქვეყნებს უმასპინძლებენ;
  • საფრანგეთი და ინგლისი ოკეანეთში ტურნეებს მოაწყობენ, ამავდროულად ბობოლებს აშშ, კანადა და იაპონიაც უმასპინძლებენ;
  • საქართველო და რუმინეთი ივლისის ტესტებზე 6 ერის გუნდებს შინ მიიღებენ;
  • ნოემბრის ტესტებზე 6 ერის ყველა ნაკრები შინ წელიწადში მინიმუმ 6 თამაშს გამართავს მეორე დონის გუნდების წინააღმდეგ;

საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს, რომ ეს განრიგი უდიდეს ბიძგს, სტიმულსა და მოტივაციას წარმოადგენს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელმაც წინა მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგით გაინაღდა ‘იაპონია 2019’-ის საგზური.

ახალ კალენდართან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ განაცხადა:

“ეს შესანიშნავი ამბავია საქართველოსთვის და ჩვენ ამ შეთანხმებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ისევე როგორც ბევრ სხვა კავშირს, ჩვენ გვჭირდება და გვინდა, რომ მსოფლიო თასის გარეთაც გვეძლეოდეს საუკეთესოებთან თამაშის შესაძლებლობა, რასაც ეს ახალი კალენდარი გვაძლევს. ჩვენ შემდგომი განვითარებისთვის გვაქვს მყარი და ძლიერი საფუძველი და მე მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო რაგბს ასეთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობების მოცემისათვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი