ახალი ამბები

მორიგი სარეკრეაციო ზონის ცვლილება თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების ასაშენებლად

16 მარტი, 2017 • 14198
მორიგი სარეკრეაციო ზონის ცვლილება თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების ასაშენებლად

თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დადებითი რეკომენდაციით, შესაძლოა ქავთარაძის ქუჩასა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის განთავსებულ რეკრიაციულ ზონას სტატუსი შეეცვალოს და სამშენებლო კომპანია m2-ს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის უფლება მიეცეს.

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიას რეკრიაციული ზონის სტატუსი იცავდა. მათი ცნობით, ამ ეტაპზე მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემულა. პროცედურის მიხედვით, საბჭოს რეკომენდაცია ჯერ თბილისის საკრებულომ უნდა გაიაროს.

დაგეგმილ მშენებლობასა და სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნას ეწინააღმდეგება როგოროც პარტიზანული მებაღეობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

როგორც გავარკვიეთ, 2017 წლის 20 თებერვალს დედაქალაქის მერიის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ მხარი დაუჭირა 2008 წლის 16 ივნისს ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ სამშენებლო კომპანიასთან დადებულ შეთანხმებას აღნიშნული ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნის თაობაზე. მერიის არქიტექტურის სამსახურის განმარტებით, ეს მხოლოდ წარსულში მიღებული გადაწყვეტილების ტექნიკურად ასახავას გულისხმობს.

“ქავთარაძის ქუჩასა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის სააქციო საზოგადოება “ს.ბ. იბერიას”  (იგივე m2) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებლი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა შეთანხმდა თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ 2008 წლის 16 ივნისს (01/783 ბრძანება). აღნიშნული დოკუმენტით დადგინდა გეგმარება, რომლის შესაბამისადაც უნდა განაშენიანებულიყო ტერიტორია, თუმცა ვინაიდან იმ პერიოდში არ ფუნქციონირებდა შესაბამისი ინტერაქტიული რუკა, გრგ-ს მიხედვით შეთანხმებული ფუნქციური ზონების ასახვა ელექტრონულად არ მომხდარა,” – განმარტავს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური.

როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურში განგვიცხადეს, 2009 წელს თბილისის მასშტაბით განხორციელდა ზონირება, რის შედეგადაც მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, არსებულ ტერიტორიას მიენიჭა სარეკრეაციო ზონა-1 ის სტატუსი, ხოლო 2015 წლის 9 ივნისისს დედაქალაქის საკრებულოში მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ტერიტორიასა და ქავთარაძის ქუჩას შორის არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შეთანხმების თაობაზე, რითაც წინა პროექტისგან განსხვავებით შემცირდა საპროექტო შენობების მოცულობები.

“თბილისის არქიტექტურის სამსახურს განაცხადით მომართა მესაკუთრის წარმომადგენელმა და მოითხოვა შეთანხმებული გრგ-ს კორექტირებული პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილება. ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხი, რაც წარსულში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ ტექნიკურად ასახვას გულისხმობდა, განხილული იყო ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 20 თებერვლის სხდომაზე და მიეცა მას დადებითი რეკომენდაცია,” – აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.

“პარტიზანული მებაღეობის” განცხადებით, თუკი თბილისის საკრებულო კანონით დადგენილი ყოველგვარი მოთხოვნის უგულვებელყოფით და საჯარო ინტერესის იგნორირებით სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნაზე თანხმობას გასცემს და შესაბამისად, მასშტაბურ მშენებლობას დაუშვებს, მოსახლეობა ყველა შესაძლო გზით დაიცავს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთარ უფლებას და არ დათმობს სარეკრეაციო ზონას.

გარემოს დამცველების თქმით, ამ უბნის მაცხოვრებელთათვის ეს ტერიტორია შეუცვლელ, მნიშვნელოვან საჯარო და ეკოლოგიური ფუნქციის მატარებელ სივრცეს წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთან ჰქონდათ კომუნიკაცია და შეიტყეს, რომ m2 ოთხ 19–სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპირებს.

“პარტიზანი მებაღეები” ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას გეგმავენ. გარემოს დამცველები მოუწოდებენ საზოგადოებას, საჯარო სივრცეების მასიური შემცირების ფონზე, მხარი დაუჭირონ რეკრიაციული ზონის გადასარჩენად დაწყებულ ბრძოლაში. მათი განცხადებით, ამის შედეგად კერძო პირის ეკონომიკურ ინტერესებს კიდევ ერთხელ ეწირება საზოგადოების ინტერესი და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება 4, ცხრამეტ სართულიანი კორპუსის მშენებლობა © პარტიზანული მებაღეობა

აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება 4, ცხრამეტ სართულიანი კორპუსის მშენებლობა © პარტიზანული მებაღეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი