ახალი ამბები

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს უფლება საქმე დააბრუნოს ახალ განხილვაში

16 მარტი, 2017 • 2987
წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს უფლება საქმე დააბრუნოს ახალ განხილვაში

“როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს სტრასბურგის სასამართლოში, ის როგორც თავად ამბობს ხოლმე თავის გადაწყვეტილებებში, არ არის მე-4 ინსტანციის სასამართლო და  ვერ შეცვლის რ2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას”, – ეს განცხადება “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

“არც ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუთქვამს არანაირი ეჭვი, რომ ის არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას. სტრასბურგის სასამართლო არ გახალვათ მე-4 ინსტანციის სასამართლო. მას არ აქვს უფლებამოსილება შეცვალოს ჩვენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ერთადერთი რ2-ის საქმეზე როცა ამის დრო დადგება, შეუძლია თქვას: დაირღვა თუ არა მოცემული კომპანიის გამოხატვის თავისუფლება. ეს არის და ეს. ვერავითარ შემთხვევაში სტრასბურგში ამ დავაზე ვერ დადგება შედეგი, რომელიც გულისმხობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, ჩვენ ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლებაზე”, – განაცხადა წულუკიანმა.

ჟურნალისტის კითხვას, “თუმცა საქმე შეიძლება დაბრუნდეს ახალ წარმოებაში თუკი ხარვეზებს დაადგენს სტრასბურგის სასამართლო, მინისტრმა ასე უპასუხა:

“სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს უფლება საქმე დააბრუნოს ახალ განხილვაში. ვერც რეკომენდაციას გამოსცემს, რომ საქმე დააბრუნოს ახალ განხილვაში. მას შეუძლია თქვას დაირღვა თუ არა რ2-ის გამოხატვის თავისუფლება ან რომელიმე ინსტანციის სასამართლოში რაიმე ხარვეზი ხომ არ არსებობდა, ამის სანაცვლოდ ის დაადგენს კომპენსაციის ოდენობას. საქმე ახალ განხილევბში საქართველოს სასამართლოებში ვერ დაბრუნდება. სტრასბურგის სასამართლო მისივე გადაწყვეტილებებით და იმ კონვენციით, რომლის ხელმომწერიც ვართ ჩვენ, არ გახალვათ მე-4 ინსტანციის სასამართლო, რომელსაც შეუძლია ან გააუქმოს შიდა სასამართლოების გადაწყვეტილება ან საქმე განხილვაში დააბრუნოს”, – განაცხადა წულუკიანმა.

გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან:

მუხლი 423. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ:

ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

საიას იურისტმა თამარ აბაზაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ თუ ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში რ2 კონვენციის იმ მუხლზე იდავებს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (მუხლი 6) ნიშნავს და მოიგებს, ეს სავარაუდოდ გახდება ეროვნულ დონეზე ანუ საქართველოში საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

თამარ აბაზაძის თქმით, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენა არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სწორია, ან არასწორი, რადგან სტრასბურგის სასამართლო ამ მუხლთან დაკავშირებით საქმის შინაარსში არ შედის, ის მხოლოდ მსჯელობს იმაზე სასამართლო განხილვის ეტაპზე ჰქონდა თუ არა ადგილი არსებით დარღვევებს მხარის საწინააღმდეგოდ, რაც ეჭვქვეშ აყენებს საბოლოო შედეგს და უნდა მოხდეს ამის გამოსწორება საქმის ხელახალი წარმოების გზით.

მისივე თქმით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად ახლადაღმოჩენილ გარემოებად შესაძლოა არამხოლოდ კონვენციის მე-6, არამედ სხვა მუხლის დარღვევის დადგენაც გახდეს, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარი რთულია, რადგან უცნობია რა სახის ფორმულირებას და მსჯელობას განავითარებს სასამართლო თუ ის კონვენციის სხვა მუხლის, მაგალითად გამოხატვის თავისუფლების დარღვევას დაინახავს:

“ჩვენ, ანუ საიას გვქონდა საქმე პრაქტიკაში, როდესაც კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა (რომელიც პირადი ცხოვრების პატივისცემას ეხება) დაადგინა ევროულმა სასამართლომ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ხელში ჩვენ წავედით ეროვნულ დონეზე და საქმის წარმოების განახლება მოვითხოვეთ და ამას მივაღწიეთ იმიტომ, რომ [კონვენციის] მე-8 მუხლის დარღვევა პირდაპირ კვაშირში იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი. ამიტომ, ამანაც მოგვცა საშუალება და საფუძველი, რომ მიუხედავად [მე-6 მუხლის დაურღვევლობისა] თავიდან განგვეახლებინა საქმის წარმოება”, – ამბობს თამარ აბაზაძე.

სავარაუდოდ კონვენციის რომელ მუხლებზე იდავებს რ2-ის მხარე სტრასბურგში და როგორ შეუძლია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მას ამ საქმის შემოტრიალება, წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი