შსს-მ ბათუმის აქციაში მონაწილე კიდევ 6 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბათუმის მოვლენებში მონაწილე კიდევ 6 პირი დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა (პოლიციისათვის ან ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევა ან მუქარა) და 225-ე მუხლებით (მასობრივი არეულობა) აქვთ წარდგენილი.

უწყების ცნობით, 11-12 მარტს ბათუმში გამართულ აქციაში მონაწილე პირთა იდენტიფიცირებისა და მტკიცებულებების მოპოვებისათვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულ 7 პირს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე დაკავებულის საქმე 14 მარტს უნდა განხილული, თუმცა გადაიდო.

აქციის შემდეგ შსს დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით კი 75 ადამიანი დააკავეს.


12 მარტს, ღამით ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. დემონსტრანტებმა დაარბიეს ქუჩები და დაწვეს ავტომობილები. ქალაქში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის უფროსმა “აჭარლები თათრებად” მოიხსენია. დემონსტრანტები პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით არაადეკვატურ ჯარიმებშიც ადანაშაულებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი