ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანა დვალი: რუსულ-ოსური ერთობლივი დანაყოფის შექმნა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო

16 მარტი, 2017 • 3684
ანა დვალი: რუსულ-ოსური ერთობლივი დანაყოფის შექმნა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო

რატომ ერთიანდება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო დანაყოფები, რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ეს ფაქტი მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში, ამ საკითხებზე ნეტგაზეთთან “კავკასიური სახლის” მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ანა დვალი საუბრობს: 

რამდენიმე დღის წინ რუსეთის მთავრობამ, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. იყო თუ არა ეს მოსალოდნელი 2015 წლის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეთანხმების ფონზე, რომელიც ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნას ითვალისწინებდა და ზოგადად, რას ნიშნავს დღეს ეს ფაქტი?

სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების რუსეთის გაერთიანებულ ძალებში ინტეგრაცია, პრინციპში არის 2015 წელს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების განხორციელება, რომელიც, თავის მხრივ იყო 2008 წლის  შემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წარმოებული პოლიტიკის ასახვა. 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა აღნიშნულ რეგიონებთან მიმართებაში თვისებრივად შეიცვალა და ეტაპობრივი ანექსიისკენ არის მიმართული. 2015 წელს კი მოხდა ამ პოლიტიკის ოფიციალურად გაფორმება.  სხვა საკითხებთან ერთად, ხელშეკრულება მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას  და გაერთიანებული საჯარისო ნაწილების ფორმირებას. შესაბამისად, მათთვის, ვინც სისტემატურად აკვირდება პროცესებს ამ მიმართულებით და აანალიზებს ხელშეკრულებებს, ეს მოვლენა სრულიად პროგნოზირებადი და მოსალოდნელი იყო.  ადრე თუ გვიან ხელშეკრულების სხვადასხვა პუნქტის განხორცილების საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა.

თუმცა საინტერესო კითხვაა, თუ რატომ ხდება ეს დღეს. სავარუდოდ, არ არის შემთხვევითი, რომ ამ საკითხის წინ წამოწევა დაემთხვა სამხრეთ ოსეთში მოახლოებულ არჩევნებს. შესაძლოა, დე-ფაქტო პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, ამ საკითხის გააქტიურებით სურდეს უპასუხოს ოსური მოსახლეობის მოთხოვნას,  რუსეთთან მეტი ინტეგრაციის თაობაზე. როგორც იკვეთება, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი არ აპირებს სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ყირიმის სცენარის გამეორებას. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, რეგიონის  რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, შეუსრულებელი რჩება.  სამხედრო დანაყოფების ინტეგრაცია, ანუ რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო მეტად დაახლოება, არსებული პრეზიდენტისთვის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად მომგებიანია.

როდის და რა ფორმით შეიძლება გამოყენებული იყოს ეს მექანიზმი – ერთობლივი შეირაღებული დანაყოფი?

გასაგებია, რომ სამხრეთ ოსეთის აღქმით, უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას საქართველო წარმოადგენს. შესაბამისად, უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან დაახლოება სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოდან მომართული საფრთხის განეიტრალებას ნიშნავს. რამდენად რეალურია ეს შიშები, სხვა საკითხია. დღეს, არანაირი ნიშნები, რომ საქართველოს მხრიდან საომარი მოქმედებები დაიწყება სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, არ არსებობს.

სამხრეთ ოსეთი გასაგებია და რუსეთსაც აქვს შიში, რომ საქართველო საომარ მოქმედებებს დაიწყებს? ანუ მისი მიზანი რა არის?

ვფიქრობ, რომ ლოგიკურად არის იმ პროცესის და პოლიტიკის გაგრძლება, რაც რუსეთმა 2008 წლის შემდეგ დაიწყო, ანუ ეტაპობრივი ანექსია და ოკუპირებული რეგიონების მაქსიმალურად მიბმა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში, ამასთანავე ფორმალური ანექსიის გარეშე. 2015 წლის ხელშეკრულებებით იყო გაწერილი, ორივე მიმართულებით გაერთიანებული საჯარისო ნაწილის ფორმირება. შესაბამისად მისი პრაქტიკაში განხორციელბა დროის საკითხი იყო და რა თქმა უნდა, ეს არ აიხსნება იმით, რომ რუსეთს შიში აქვს საქართველო საომარ მოქმედებას დაიწყებს. გარკვეულწილად, ეს თიბილოვისადმი პოლიტიკურ მხარდაჭედადაც შეიძლება განვიხილოთ, ვინაიდან რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოვება წინასაარჩევნოდ თიბილოვის პოლიტიკურ წონას ზრდის. გარდა ამისა, ამ ნაბიჯით რუსეთი თავისი გავლენის კონსოლიდაციას ახდენს და განწყობების ან პოლიტიკური ელიტის ცვლილების შემთხვევაში, საჯარისო ნაწილები რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ იქნება.

ანა დვალი

ანა დვალი

ზოგადად, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს ერთობლივი ჯარები, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის? 

რა თქმა უნდა, საქართველო ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად განიხილავს. თუმცა, სამხრეთ ოსეთში რუსეთის გავლენა და მისი მმართველობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ სიტუაციის უფრო გაუარესება, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება რეგიონის ფორმალური ანექსია, ძნელი წარმოსადგენია. ამ ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების გააქტიურება გაცილებით მნიშვnელოვანია შიდა ოსური საზოგადოებისთვის. სხვა საკითხია, როცა აღნიშნული საკითხი გააქტიურდება აფხაზეთის მიმართულებით, სავარაუდოდ მალევე. აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულებაც ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთოების საერთო სივრცის შექმნას და გაერთიანებული საჯარისო ნაწილების ფორმინირებას. აფხაზეთში, სავარაუდოდ შიდა პროცესები სხვაგვარად განვითარდება და გარკვეული ჯგუფები ამ მუხლის ამოქმედების წინააღმდეგი იქნებიან.

ოპოზიციის წარმომადგნელები თავიანთ განცხადებებში ხელისუფლებას ადანაშაულებენ პასიურობასა და უმოქმედობაში. კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ ამ სახიფათო ნაბიჯების შესაჩერებლად საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა. შეეძლო საქართველოს თავიდან აეცილებინა ეს ფაქტი, ჰქონდა რამე მექანიზმები, რომელიც არ ან ვერ გამოიყენა? იგივე ჟენევის ფორმატი? 

შეგვიძლია ხელისუფლება დავადანაშაულოთ პასიურობაში, თუმცა გასათვალისწინებელია ობიექტური ფაქტორები. როგორც აღინიშნა, ეს პროცესები ინერციით მოდის 2008 წლიდან და შემდეგ 2015 წლის ხელშეკულებიდან მომდინარეობს. ხელისუფლება იყინებს როგორც ორმხირვ: აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ისე საერთაშორისო მოლაპარაკებებს- ჟენევის ფორმატს, რომელიც უკვე 9 წელია პოლიტიკური გარღვევის გარეშე მიმდინარეობს. ძნელია რაიმე კონრეტული გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ამ ფორმატში, ვიანაიდან მხარეების მიდგომები მოლაპარაკებებში წინასწარ არის დეტერმინირებული და ეს მდგომარეობა წლებია, უცვლელია. რა კონკრეტული მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, არსებული ფორმატების გარდა, რათა ხელისუფლება წინ აღუდგეს რუსეთის ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებში, კონკრეტული პასუხები არ არსებობს.

საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ფონზე რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში, ან გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისგან მსგავსი ნაბიჯებით? რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი?

საქართველოს არ აქვს დიდი არჩევანი აწარმოოს სხვა პოლიტიკა გარდა სამშვიდობო პოლიტიკისა. ხელისუფლების პოლიტიკა უნდა მიმდინარეობდეს როგორც საერთაშორისო დონეზე და რუსეთთან ორმრივი ურთიერთებების ფარგლებში, ასევე  მიმართული უნდა იყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობაში განწყობის ცვლილებისკენ. სამხრეთ ოსეთში და განსაკუთრებით აფხაზეთში რუსეთთან მიმართებში განწყობები არ არის ერთგვაროვანი და არსებობს გარკვეული უკმაყოფილება (თუმცა მიზეზები სხვადასხვაა). მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის მიმართ უკმაყოფილების ზრდა ავტომატურად არ გულისხმობს საქართველოსადმი დადებითად განწყობილი მოსახლეობის ზრდას. ამიტომ, აფხაზურ-რუსული და რუსულ- სამხრეთ ოსური ურთიერთოებების მიუხედავად, ხელისუფლება უნდა იყოს თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკაში.

რა მექანიზმები აქვს საერთაშორისო საზოგადოებას იმ განცხადებების გარდა, რომელიც უკვე გაკეთდა და რომელიც რუსეთისთვის დამაბრკოლებელი არ არის?

ის, რომ ეფექტური სანქციები არ არსებობს, რათა რუსეთის პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებში შეიცვალოს, უკრაინის მაგალითიც მოწმობს. გამოცდილება აჩვენებს, რომ ევროპა კონფლიქტების პირველ ფაზაში ცდილობს უპასუხოს რუსეთს და გარკვეული პერიოდით ეკონომიკურ და პოლიტიკურ სანქციებს უწესებს. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს სანქციები არ არის გრძლევადიანი, და არც ეფექტური რომ რუსეთი აიძულოს თავისი ქმედება და პოლიტიკა სამეზობლოში შეცვალოს. რუსეთი მეტისმეტად მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც ეკონომიკურად ისე პოლიტიკურად, რომ მასთან ღია კონფრონტაციაზე წავიდეს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას დღის წესრიგში.

მასალების გადაბეჭდვის წესი