აშშ-ს საელჩოს განცხადება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ამბებზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში კიდევ ერთხელ არის ნათქვამი ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე; და გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია – ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს”.

აშშ-ს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი, რომელიც მიმართულია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ.

“და გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს”.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის მთავრობამ, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელა და ეს გადაწყვეტილება დაგმო. ოპოზიციის წარმომადგენლები კი, საქართველოს ხელისუფლებას პასიურობაში ადანაშაულებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი